ბათუმის საჯარო სკოლებში კანონს მიღმა მოსწავლეებს ფორმის შეძენას სთხოვენ /video/

05 სექტემბერი 2019, 18:33 12027 ნახვა

დაახლოებით ერთ კვირაში სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდება. მოსწავლეების ნაწილი სპეციალურად შერჩეული და შეკერილი ფორმით მივა, ნაწილი კი ფორმის მსგავსი ტანსაცმლით. მაგალითად თეთრი პერანგითა და ლურჯი ან ნაცრისფერი ქვედაბოლოთი. 

კერძო სკოლების ნაწილში, დაწყებით კლასებში ფორმა სავალდებულოა. მასწავლებლები და მშობლები შეთანხმებით მოდელებს არჩევენ და კერავენ.

საჯარო სკოლების დიდ ნაწილში კი ფორმიანობა წლებია აქტუალური აღარ არის, თუმცა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ერთ-ერთმა მშობელმა უთხრა, რომ სკოლის დირექცია კატეგორიულად ითხოვს ბავშვები სკოლაში ფორმით მივიდნენ. კანონით კი იძულება დაუშვებელია. 

''ამას იძულების ფორმა აქვს, ეს არც თხოვნაა და არც მოთხოვნა. სკოლაში ვერ შემოვლენ თუ ფორმა არ ეცმევათო, ასე გვითხრეს დირექციაში.  ეს რა დამოკიდებულებაა? ფორმის შეკერვა არ მინდა, ან იქნებ  ამის ფინანსური რესურსი არ მაქვს,'' - გვითხრა ერთ-ერთმა მშობელმა, რომლის შვილიც მეოთხე კლასის მოსწავლეა. 

მსგავსი ფაქტის შესახებ აჭარის განათლების მინისტრმაც დაადასტურა. მაია ხაჯიშვილის განცხადებით, მოქალაქემ ცხელ ხაზზეც დარეკა. მშობელს ვინაობა და სკოლა არ დაუკონკრეტებია, თუმცა პრეტენზია გამოთქვა და სამინისტროს რეაგირებისკენ მოუწოდა. 

მაია ხაჯიშვილმა აჭარის მაუწყებელს უთხრა, რომ იძულების ფორმა და კანონის მიღმა მოქმედება მისთვის კატეგორიულად მიუღებელია. 

მინისტრის ამბობს, რომ იმავე დღეს რესურს ცენტრის ხელმძღვანელები მოიწვია და სთხოვა სკოლის დირექტორების გადაეცათ, რომ ისინი კანონის და რეგულაციის ჩარჩოებს არ გამცდარიყვნენ. 

''ჩვენი პოზიცია ცალსახად იმეორებს იმას, რაც საკანონმდებლო რეგულაციებშია, ანუ არ იკრძალება ფორმის შემოღება, მაგრამ ამას აქვს თავისი პროცედურები, თავისი დათქმები. მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ ეს დათქმები იქნება შესრულებული სკოლის დირექციის მხრიდან. ჩვენთვის ფორმის შემოღება, მხოლოდ ამ შემთხვევაშია მისაღები'', - უთხრა მაუწყებელს მინისტრმა. 

''​კანონის თანახმად სკოლას უფლება აქვს დააწესოს სასკოლო ფორმა, ისე რომ არ შეზღუდოს მოსწავლის და მასწავლებლის გამოხატვის თავისუფლება. მოსწავლეს და მასწავლებელს უფლება აქვთ დასაბუთებული უარი თქვან სასკოლო ფორმის ტარებაზე. ასევე, სასკოლო ფორმის დაწესებისას სკოლამ უნდა გაითვალისწინოს მოსწავლის ფინანსური შესაძლებლობები და თუ მას არ შეუძლია ფორმის შეძენა, სკოლამ უნდა უზრუნველყოს იგი ამ საჭიროებით'' - ვკითხულობთ ზოგადი განათლების კანონში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში