ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი: "პროპორციულ არჩევნებზე უარის თქმა აღქმული იქნება, როგორც ნდობის შერყევა პოლიტიკურ პარტიებს შორის"  

14 ნოემბერი 2019, 12:31 2718 ნახვა

 „ევროკავშირი თავს იკავებდა აზრის გამოთქმისგან იმის თაობაზე, არის თუ არა პროპორციული სისტემა საუკეთესო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რადგან ეს საქართველოს მოსახლეობისა და პოლიტიკური პარტიების არჩევანი უნდა იყოს. თუმცა, ზაფხულის განმავლობაში შედგა პოლიტიკური კონსენსუსი და საერთო ძალისხმევა, რომ მუშაობა ამ მიმართულებით გაგრძელდებოდა. ამ ფონზე, ვხედავ აშკარა რისკს, რომ ამ ეტაპზე, ამ ძალისხმევაზე უარის თქმა აღქმული იქნება, როგორც ნდობის შერყევა პოლიტიკურ პარტიებს შორის, მოსახლეობის ფართო ჯგუფებს შორის და ასევე, გაზრდის პოლარიზაციას 2020 წლის არჩევნების წინ. იმედი მაქვს, პარლამენტი გაითვალისწინებს ამ საკითხს დღევანდელი კენჭისყრისას“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

 ევროკავშირის ელჩის განცხადებას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პრესსამსახური ავრცელებს.

საქართველოს პარლამენტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით  საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით დღეს უყრის კენჭს.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული ცვლილებები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს, რაც მაჟორიტარების სისტემის გაუქმებას გულისხმობს. რაც შეეხება პარლამენტის დაკომპლექტებას, 0% ბარიერის პირობებში, პოლიტიკური პარტიის მიღებული მანდატების რაოდენობა 150-ზე გამრავლდება და არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე გაიყოფა.

ის ხმები, რომელიც კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას მანდატის მისაღებად არ ეყოფა, გადანაწილდება უდიდესი ნაშთის მქონე პოლიტიკურ პარტიებზე.

აღნიშნული კონსტიტუციური კანონპროექტი მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბლოკების მონაწილეობის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში