ყოფილი პირველი აფთიაქის შენობით ინვესტორი კვლავ დაინტერესდა

23 აპრილი 2020, 19:07 5001 ნახვა

უკვე წლებია ბათუმში, მემედ აბაშიძის #34-ში მდებარე ძეგლის სტატუსის მქონე ყოფილი პირველი აფთიაქის შენობა ავარიულია. შენობა 2011 შპს "ჟასმინმა" იყიდა. იგი შენობაში 7 და 13 სართულიანი სასტუმროს მოწყობას ითხოვდა, რისი უფლებაც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ მას არ მისცა. კომპანიამ ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში შენობის რესტავრაციაზე ნებართვა კვლავ შევიდა. ამჯერადაც შპს "ჟასმინის" სახელით, რომელიც დღეს "მეტრო ჰოლდინგის" მფლობელობაშია.

სამინისტროს ინფორმაციით, ვალდებულებების თანახმად, ინვესტორმა იქ 50 ნომრიანი სასტუმრო უნდა მოაწყოს და არანაკლებ 200 ადამიანი დაასაქმოს.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში ინვესტორმა ფასადის აღდგენაზე პროექტი უკვე წარადგინა. შიდა დაგეგმარებაზე კი მუშაობა სააგენტოსთან ერთად მიმდინარეობს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის განმარტებით, ინვესტორს შენობაში სასტუმროს მოწყობა სურს, თუმცა ამჯერად იგი შენობის მოცულობის გაზრდას არ ითხოვს.

"ამ ეტაპზე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში შემოსულია პროექტი ფასადის აღდგენაზე, რესტავრაციაზე, შიდა გეგმარების პროექტზე მუშაობს სააგენტო და ინვესტორი. თურქი ინვესტორია სასტუმრო ინტურისტების ქსელის მფლობელი, შენობა მან იყიდა თავდაპირველი ინვესტორისგან. შენობა 2011 წელს გაიყიდა თურქ ინვესტორზე ვალდებულებებით, ვერ შეასრულა, ახლა იყიდა სხვა ინვესტორმა, თუმცა სახელმწიფო ვალდებულებები მასზე გადადის.

ვალდებულებების თანახმად ინვესტორმა იქ სასტუმრო უნდა განათავსოს, ნომრების რაოდენობა დაზუსტდება. ჩვენთვის მთავარია, ის რომ წინა ინვესტორს, რომელსაც არ მივეცით 7 და 13 სართულიანის ნებართვები, ეს არ ითხოვს მოცულობის გაზრდას, არსებულ მოცულობაში მოხდება სასტუმროს მოწყობა"-აცხადებს სააგენტოს ხელმღვანელი.

ზაურ ახვლედიანის განცხადებით ინვესტორს დაუფიქსირდა პროფესიონალური ხარვეზები რესტავრაციის, ხელოვნებათმცოდნეობის დარგში, რომელთა გამოსწორების შემდეგ საბჭო ნებართვის გაცემაზე იმსჯელებს.

"შენობის ფასადი, სახურავი, მოცულობა არ შეიცვლება. თუ დოკუმენტაცია სრულყოფილი იქნება ჩატარდება საბჭო და ჩვენ ნებართვას გავცემთ, ინვესტორი მზადაა მაშინვე დაიწყოს რესტავრაცია. ამ ეტაპზე მიდის პროექტის დაზუსტებები. სავარაუდოდ, შენობა ზაფხულში ხარაჩოებში იქნება და მოხდება აღდგენა-რესტავრაციის პროცესის დაწყება. ფასადის რესტავრაციაზე შემოტანილია 4 თვის ვადით და შიდა გეგმარება ვნახოთ რამდენი ხნით შემოვა პროექტზეა დამოკიდებული ყველაფერი. წელიწადს არ გაგრძელდება სავარაუდოდ"- განაცხადა ზაურ ახვლედიანმა.

აჭარის მაუწყებლის ინფორმაციით, ინვესტორი ფასადის შეცვლას არ აპირებს. კომპანიაში ამბობენ, რომ შენობაზე გარეთ ჩუქურთმები აღდგება და მას პირვანდელი სახე დაუბრუნდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში