რეკომენდირებულია დღეში არაუმეტეს 3 გაკვეთილის ჩატარება - მინისტრის ბრძანება დისტანციურ სწავლებაზე ​

09 სექტემბერი 2020, 20:54 5954 ნახვა

საქართველოს განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის მიერ გამოცემული ბრძანების თანახმად, სკოლებში დისტანციური სწავლებისას რეკომენდებულია დღეში არაუმეტეს სამი გაკვეთილის ჩატარება. 

დისტანციური გაკვეთილების ჩატარების რეკომენდებული ხანგრძლივობა კი ასეთია:

I-IV კლასებში – 15-20 წუთი;

V-IX კლასებში – 25-30 წუთი;

X-XII კლასებში – 35-40 წუთი.

  • რეკომენდებულია დაგეგმილი გაკვეთილი შეიცავდეს სხვადასხვა ინტერაქტიულ ტექნიკას, მათ შორის, 10-15-წუთიან შესვენებას ფიზიკური აქტივობით. პერიოდულად შეიძლება ჩატარდეს თვალის ვარჯიში, მაგალითად, ეკრანიდან მზერის გადატანა შორს მდებარე საგანზე და თვალის რამდენჯერმე დახამხამება.
  • საჯარო სკოლაში ჰიბრიდული დისტანციური სწავლების შემთხვევაში დასაშვებია კლასის გაყოფა დასწრებით გაკვეთილების დაგეგმვისას, ხოლო დისტანციური გაკვეთილების ჩატარება რეკომენდებულია მთელი საკლასო ჯგუფისთვის.
  • სკოლა ვალდებულია, უზრუნველყოს მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობის გამოყენება, რათა არც ერთი მოსწავლე არ აღმოჩნდეს დისტანციური სასწავლო პროცესის მიღმა.
  • საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, მაქსიმალური ძალისხმევა გამოიყენოს იმისათვის, რომ I-IV კლასების მოსწავლეებისთვის უზრუნველყოს დასწრებით სასწავლო პროცესი.
  • სკოლებს ეკისრება ვალდებულება, სისტემატურად აწარმოოს მოსწავლეთა დისტანციურ გაკვეთილებზე დასწრების აღრიცხვა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.
  • გარდა ამისა, სკოლა ვალდებულია, გამოყოს შესაბამისი სივრცე მასწავლებლისთვის დისტანციური გაკვეთილის ჩასატარებლად იმ შემთხვევაში თუ მასწავლებელი ვერ ახერხებს სახლიდან ჩართვას ან არ გააჩნია შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა/ინტერნეტი.
  • დისტანციური სწავლების ნებისმიერი მოდელის განხორციელების შემთხვევაში სკოლა ვალდებულია, უზრუნველყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისათვის მის შესაძლებლობებზე მორგებული საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზება, დამრიგებლის, საგნის მასწავლებლების, სპეციალური მასწავლებლისა და საჭიროების შემთხვევაში, სკოლის ინკლუზიური განათლების დამატებითი სპეციალისტების ჩართულობით.
  • სკოლას ეკისრება ვალდებულება დისტანციური სწავლებისას დაიცვას თითოეული მოსწავლის საუკეთესო ინტერესები, პერსონალური მონაცემები და მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები.

ბრძანების თანახმად, სკოლაში დისტანციური სწავლების რომელიმე მოდელზე გადასვლის წინაპირობა შეიძლება იყოს:

  • სკოლაში/დასახლებაში/მუნიციპალიტეტში/ქვეყანაში არსებული სხვადასხვა გადამდები დაავადებით გამოწვეული მდგომარეობისას დადგენილი დროებითი შეზღუდვები;
  • რთული მეტეოროლოგიური/ექსტრემალური პირობებით ან ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული დროებითი შეზღუდვები;
  • სკოლაში მიმდინარე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების დაგეგმილ ვადებში შეუსრულებლობისას ან გადაუდებელი სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას;
  • ცალკეულ საგანში ადამიანური რესურსის (მასწავლებლის) დეფიციტი;
  • ცალკეულ საგანში თანამედროვე ინოვაციური სასწავლო ტექნოლოგიების დანერგვა ან სკოლის მიერ სხვა დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში.

სკოლაში დასწრებულ სწავლებაზე დაბრუნების წინაპირობა კი შეიძლება იყოს:

  • სკოლაში/დასახლებაში/მუნიციპალიტეტში/ქვეყანაში არსებული სხვადასხვა გადამდები დაავადებით გამოწვეული მდგომარეობისას გამოწვეული დროებითი შეზღუდვების გაუქმება;
  • სკოლაში/დასახლებაში/მუნიციპალიტეტში/ქვეყანაში არსებული რთული მეტეოროლოგიური/ექსტრემალური პირობებით ან ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული დროებითი შეზღუდვების გაუქმება;
  • სკოლაში მიმდინარე გადაუდებელი სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების დასრულება;
  • ცალკეულ საგანში/საგნებში ადამიანური რესურსის (მასწავლებლის) დეფიციტის აღმოფხვრა.
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში