ექნებათ თუ არა მოსწავლეებს სწავლის დისტანციურად გაგრძელების საშუალება 

25 იანვარი 2021, 12:11 8691 ნახვა

ერთწლიანი პაუზის შემდეგ მოსწავლეები და პედაგოგები სკოლებს უბრუნდებიან. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი თებერვლიდან აჭარაში, საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი უნდა განახლდეს. განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ სკოლებში, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში წარიმართება, სამედიცინო პროტოკოლი მკაცრად იქნება დაცული. ასევე მასწავლებლებს ორ კვირაში ერთხელ ტესტირება ჩაუტარდება. 

გადაიხედება თუ არა სწავლების ფორმატის საკითხი, მისცემს თუ არა სამინისტრო მშობლებს არჩევანის გაკეთების საშუალებას და აქვთ თუ არა სკოლებს უკვე სპეციალური პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც სწავლა უნდა დაიწყონ - ეს ჯერ უცნობია.

სწავლის განახლების გადაწყვეტილებას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. მოქალაქეების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა. 

 

მშობლების ნაწილი კი შვილების სასწავლო დაწესებულებაში გაშვებას არ აპირებს, რადგანაც შიშობენ, რომ რეგულაციების დაცვა სკოლებში არსებული ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით გაუჭირდებათ. ფიქრობენ, რომ თებერვალში დისტანციური სწავლების გაგრძელება უკეთესი იქნება.

დირექტორები ამბობენ, რომ საკლასო ოთახებში დაბრუნების მიუხედავად, ექნებათ თუ არა მშობლებს არჩევანის უფლება სწავლა გაგრძელდეს დისტანციურ რეჟიმში, ამ თემასთან დაკავშირებით კონკრეტული ინსტრუქცია არ აქვთ. რაც შეეხება ჰიბრიდულ სწავლებას, რომელიც გულისხმობს კვირის განმავლობაში რამდენიმე დღით სკოლაში გამოცხადებას, ხოლო დანარჩენი დღეების განმავლობაში სახლიდან დისტანციურ  ჩართვას - ეს მოდელი  განიხილება უფროსკალსელების შემთხვევაში. 

სკოლის დირექტორებს, დღეს, განათლების სამინისტროში შეხვედრა აქვთ და დეტალები დაზუსტდება. 

სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის პარალელურად აქტუალური თემაა დისტანციის დაცვა - როგორ მოხდება მერხების განლაგება. სკოლის დირქტროები ამბობენ, რომ მცირე ზომის საკლასო ოთახებზე  უარს იტყვიან და სკოლაში არსებულ სხვა ფართს გამოიყენებენ. 

''მეშვიდედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით განსაზღვრული გვაქვს  სწავლის განახლება პირველ ცვლაში. ხოლო პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მეორეში. გრაფიკზე ვმუშაობთ და  ვაზუსტებთ. კვირის ბოლოს გვექნება ინფორმაცია და მივაწვდით განახლებულ ცხრილს მოსწავლეებს. ვგეგმავთ ჰიბრიდულ მოდელსაც. სრულად დისტანციურზე დარჩენას ჯერ-ჯერობით არ განვიხილავთ'' - განაცხადა მეორე საჯარო სკოლის დირექტორმა მარიზა აბაშიძემ. 

''რესურსცენტრის უფროსთან შეხვედრის შემდეგ, გვაქვს  ინფორმაცია, რომ დისტანციური სწავლება არ იქნება. ყველა მოსწავლე საკლასო ოთხში უნდა დაბრუნდეს.  კლასები, რომელიც იძლევა საშუალებას, რომ მერხებს შორის მანძილი იყოს ერთი მეტრი იქნება გამოყენებული, ხოლო პატარა კლასებს არ გამოვიყენებთ. მაგალითად სააქტო დარბაზს გამოვიყენებთ'' - აცხადებს გივი ხალვაში.  

საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ აჭარის მაუწყებლის ეთერში განმარტა, რომ დისტანციური სწავლების მოდელი ინსტრუქციაში რჩება. მისივე განცხადებით, სკოლას აქვს თავისუფლება, დააორგანიზოს სასწავლო პროცესი, სკოლის რესურსების გათვალისწინებით. 

"მშობლების მხრიდან არის შფოთვა და შიში გაუშვას თუ არა შვილი სკოლაში. გარკვეული რაოდენობა თუ იქნება მშობლების და მათი მხრიდან თუ იქნება მზაობა იმისა, რომ დისტანციურ რეჟიმში გააგრძელონ სწავლა ასეთი რეგულაცია არსებობს.  ეს რეგულაცია აქვს გაგზავნილი ყველა სკოლას, ასევე აჭარის განათლების სამინისტროს და სწორედ ამ რეგულაციის საფუძველზე ჩვენ ვიმოქმედებთ. დღეს მოქნილობა აქვთ სკოლებს და იქნება გათვალისწინებული ყველა მხარის პოზიცია და საჭიროებიდან გამომდინარე იქნება მიღებული გადაწყვეტილება"- განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

თუ სასწავლო დაწესებულებაში კორონავირუსის შემთხვევა გამოვლინდება, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების რეკომენდაციებს დაეყრდნობიან და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ. 

 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში