აჭარის მაუწყებლის მენეჯმენტის სარჩელი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წინააღმდეგ

17 მარტი 2021, 15:26 824 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მენეჯმენტის სარჩელი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წინააღმდეგ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამზადებელ სხდომაზე განიხილეს. მოსარჩელე მხარე ქარტიას ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. საუბარია 2020 წელს ქარტიის ვებგვერდზე განთავსებულ მონიტორინგის მასალებზე, რომლებიც ქარტიამ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ მოამზადა. მაუწყებლის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მონიტორინგში ფაქტები იყო არასწორი, რამაც მაუწყებლის რეპუტაცია შელახა. აჭარის მაუწყებელმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, რომ ქარტიამ დაასახელოს იმ პირების ვინაობა, რომლებიც აღნიშნულ მონიტორინგში მონაწილეობდნენ, რადგან მათი ინფორმაციით, მონიტორებს  ინტერესთა კონფლიქტი გააჩნდათ,რაც მოსამართლე გიორგი გოგიჩაიშვილმა დააკმაყოფილა და ქარტიას  მონიტორინგში მონაწილე პირების  ხელშეკრულებების ასლების წარდგენა 10 დღის ვადაში დაავალა.  ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აჭარის მაუწყებლის სარჩელს არ ეთანხმება, ქარტიის აღმასრულებელი დირექტორის მარიამ გოგოსაშვილის განცხადებით, მონიტორინგი  ობიექტური და კონკრეტულ ფაქტებზე დამყარებული იყო. ხოლო მოსარჩელე მხარე არა ფაქტებზე, არამედ მოსაზრებებზე დაყრდნობით დავობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში