მაისში FAO-ს ფასების ინდექსი კალათის ყველა პროდუქტზე გაიზარდა

04 ივნისი 2021, 15:42 1540 ნახვა

​FAO-ს ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის - რძის, მარცვლეულის, მცენარეული ზეთის, შაქარისა და ხორცის საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს გაიზარდა და მაისში 127.1 ქულა შეადგინა. აღნიშნული ქულა, წინა თვის მაჩვენებელს 4.8%-ით, ხოლო 2020 წლის იმავე პერიოდის ნიშნულს - 39.7%-ით აღემატება.

FAO-ს პოლიტიკის მრჩეველის განცხადებით, პარალელის გაკეთება ის, რომ FAO-ფასების ინდექსი გაზრდილია და ეს პირდაპირ პროპორციულად გადმოვიტანოთ საქართველოზე არასწორი იქნება. ჯუბა მარულაშვილის განმარტებით, საქართველოსთან მიმართებაში სხვა ანალიზის საგანია ის თუ ლარის გამყარება რა ზეგავლენას მოახდენს პროდუქტებზე, ფასებზე.

მისივე განცხადებით, გლობალურად ფასების ზრდის ტენდენცია, ჯერ-ჯერობით კლების პროგნოზის გაკეთების საშუალებას არ იძლევა.

FAO-ს პოლიტიკის მრჩეველის განცხადებით, 5 ძირითად პროდუქტზე ფასების ზრდა სხვადასხვა მიზეზმა  გამოიწვია. მათ შორის არის მოხმარებასა და მიწოდებას შორის არსებული დისბალანსი, ასევე წარმოების კუთხით შექმნილი პრობლემები და ''დიდი შეკვეთები''.

"გლობალურად თუ ავიღებთ, ფასების ზრდის ტენდენცია ბოლო რამდენიმე თვეა გრძელდება, ჩვენ მაგალითად იანვრიდან მოყოლებული მაისის ჩათვლით კლების ტენდენცია არ შეგვიმჩნევია, ფასების ინდექსში მუდმივად ზრდა ფიქსირდება. აღნიშნული ჯერ-ჯერობით კლების პროგნოზის გაკეთების საშუალებას არ გვაძლევს. 

ეს მაინც, დამოკიდებულია იმ ყოველთვიურ ინტერვენციებზე, რომლებიც მსოფლიო ბაზარზე არსებობს, წარმოების ნაწილზე, იმაზე თუ რა პროგნოზები კეთდება ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით, წარმოების მოცულობებზე, მარაგებზე.

პანდემიამ ძალიან ბევრი ცვლილება შეიტანა ქვეყნებს შორის ვაჭრობის პროცესში. ქვეყნების ნაწილმა ექსპორტისა და იმპორტის ნაწილში არაორდინალური გადაწყვეტილებები მიიღეს.

როგორც წესი, ჩვენი ინდექსის დადგენის პროცესში ერთი ფაქტორი არ არსებობს. ჩვენ ვამბობთ, რომ მოხმარებასა და წარმოებას შორის არსებული კორელაცია აბალანსებს ფასებს. თუ გაზრდილია მოხმარება და შემცირებულია წარმოება, შესაბამისად, ეს ზრდის ფასს, თუ ჭარბი წარმოებაა ეს აგდებს ფასებს. როდესაც იზრდება მოთხოვნა და  რომელიმე ქვეყანა აკეთებს უფრო დიდ შესყიდვას, ეს უკვე გავლენას ახდენს ფასზე. ამავე დროს თუ კი რომელიმე მწარმოებელ ქვეყანაში წარმოების კუთხით პრობლემები იქმნება, ეს მოქმედებს ფასებზე. 

ზოგადად გლობალურად წარმოების შემცირებისკენ თუ წავიდა ტენდენცია და თუ კლიმატის ცვლილებებმა მოახდინა ზეგავლენა, აქედან გამომდინარე, რთული იქნება, რომ დავასკვნათ კლების ტენდენცია. თუ ქვეყნებმა არ მიიღეს შესაბამისი ღონისძიებები, რომ უპასუხონ კლიმატის ცვლილებებით გამოწვეულ პრობლემებს"-აცხადებს ჯუბა მარულაშვილი.

აპრილის თვესთან შედარებით 6.0%-ით გაიზარდა მარცვლეულის ფასების ინდექსი. ზრდის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალი იყო სიმინდზე, რომლის ფასი, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 89.9%-ითაა გაზრდილი. პროდუქტზე ფასის დასტაბილურება მაისის ბოლოს, ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული უხვი მოსავლის ხარჯზე დაიწყო. მაისის ბოლოსვე, კლების ტენდენცია აჩვენა ხორბლის ფასმაც, რომელიც 6.8%-ით შემცირდა. რაც შეეხება ბრინჯს, პროდუქტზე ფასები უცვლელია.

წინა თვის მსგავსად, ზრდის ტენდენცია შეინარჩუნა მცენარეული ზეთის ფასების ინდექსმა, რომელიც 7.8%-ით გაიზარდა. ფასების ზრდა თითქმის ყველა სახის მცენარეულ ზეთს შეეხო, მათ შრის - სოიოს, მზესუმზირას და პალმის ზეთს. 

6.8%-ით გაიზარდა შაქრის ფასების ინდექსი. მატების ძირითად მიზეზს, ბრაზილიაში, შაქრის ყველაზე მსხვილ მწარმოებელ ქვეყანაში, მოსავლის აღების პროცესში წარმოქმნილი შეფერხებები წარმოადგენდა. შაქრის ფასმა დარეგულირება, მაისის ბოლოს, ინდოეთიდან ექსპორტირებული პროდუქტის ხარჯზე დაიწყო. გაზრდილია ხორცის ფასების ინდექსიც. ზრდამ 2.2% შეადგინა და იგი მეტწილად ჩინეთის მიერ პროდუქტის დიდი და სწრაფი ოდენობით შესყიდვამ განაპირობა. წინა თვესთან შედარებით, მაისში ფრინველისა და ღორის ხორცზე მოთხოვნამ მოიმატა.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში