13 წელი აგვისტოს ომიდან

08 აგვისტო 2021, 12:30 997 ნახვა

აგვისტოს ომის დაწყებიდან 13 წელი შესრულდა. 2008 წლის 7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო  აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია მოჰყვა. სიტუაცია ცხინვალის გარშემო ივლისის ბოლოდან დაიძაბა.

2 აგვისტოს ქართული პოლიციის მანქანა ააფეთქეს. ამის შემდეგ ორმხრივი სროლები გახშირდა, ქართული სოფლები რეგულარულად იბომბებოდა ცხინვალის მხრიდან. ბევრი ადამიანი დაშავდა. 6 აგვისტოს სოფელ ავნევთან ორი ქართველი მშვიდობისმყოფელი დაიღუპა. სწორედ ამ დროს რუსეთმა, მასშტაბური სამხედრო  წვრთნების შემდეგ, სამხედრო ნაწილების საქართველოს საზღვრებთან ჯარების კონცენტრაცია დაიწყო. მრავალი წყარო და დოკუმენტი ადასტურებს, რომ რუსულმა რეგულარულმა ნაწილებმა როკის გვირაბით საქართველოში მალულად შემოსვლა დაიწყეს.

საპასუხო ცეცხლის გახსნა 7 აგვისტოს, ღამით მას შემდეგ გადაწყდა, რაც ქართული მხარის მიერ ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტის შემდეგ, ოსურმა და რუსულმა ფორმირებებმა დაბომბვა კიდევ უფრო გააძლიერეს. ქართული ქვედანაყოფები ცხინვალში შევიდნენ. თუმცა, მალევე კონფლიქტში რუსეთი უკვე ღიად ჩაერია. რუსულმა ავიაციამ ქართული პოზიციებისა და დასახლებული პუნქტების დაბომბვა დაიწყო. დაიბომბა ნული, ავნევი, ფრისი, დვანი, რასაც 7 აგვისტოს, გვიან ღამით საპასუხო ცეცხლი მოჰყვა. 8 აგვისტოს დილით კი, როკის გვირაბიდან ცხინვალის რეგიონში რუსეთის 58-ე არმიის კოლონა შემოვიდა. ქართულმა შენაერთებმა, რომლებმაც ცხინვალის ნაწილის დაკავება მოახერხეს, რუსული ავიაციის იერიშის შედეგად უკან დაიხიეს. რუსულმა ავიაციამ დაბომბა ქალაქი გორი, ფოთის პორტი, სენაკის და მარნეულის სამხედრო ბაზები, ვაზიანის ბაზა, საავიაციო ქარხანა და ქვიშიანის მთაზე მდებარე რადარი.

დე ფაქტო რეჟიმების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების გარდა, რუსმა სამხედროებმა ასევე დაიკავეს კოდორის ხეობა, ფოთი, ზუგდიდი, სენაკი, ახალგორი, გორის რაიონის რამდენიმე სოფელი და საჩხერის რაიონის სოფელი პერევი. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150-ი ათასმა  ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ  საქმეზე "საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ" სარჩელი ძირითადად დააკმაყოფილა – სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა კონვენციის დარღვევა თითქმის ყველა ძირითად მუხლში ცნო.

რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით, აგრძელებს  ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას.


 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში