საფრანგეთმა საქართველო წითელი ზონის ქვეყნების სიაში შეიყვანა

27 აგვისტო 2021, 19:10 1058 ნახვა

2021 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილებით, საფრანგეთმა საქართველო წითელი ზონის ქვეყნების სიაში შეიყვანა. ინფორმაციას ამის შესახებ საფრანგეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, წითელ ზონაშია შემდეგი ქვეყნები: ავღანეთი, სამხრეთ აფრიკა, ალჟირი, არგენტინა, ბანგლადეში, ბრაზილია, კოლუმბია, კოსტა-რიკა, კუბა, საქართველო, ინდონეზია, ირანი, მალდივის რესპუბლიკა, მაროკო, მოზამბიკი, ნამიბია, ნეპალი, ომანი, პაკისტანი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, რუსეთი, სეიშელის კუნძულები, სურინამი, ტუნისი და თურქეთი.

კოვიდვაქცინირებულთა შესვლის პირობებია: 

წითელი ზონიდან ვაქცინირებული პირები საფრანგეთში შედიან ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე;

„საზღვრის კვეთისას სავალდებულოა ვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა (ე.წ. COVID-19 ბარათი, QR კოდით); ვაქცინის მეორე დოზის გაკეთებიდან გასული უნდა იყოს შვიდი დღე მაინც.

დაშვებული ვაქცინებია: Pfizer, Moderna, AstraZeneca, Janssen (Johnson&Johnson).

ვაქცინირებულმა პირებმა, ასევე, უნდა წარადგინონ შევსებული და ხელმოწერილი დეკლარაცია, იმის შესახებ, რომ ბოლო 14 დღის განმავლობაში არ ჰქონიათ კონტაქტი კოვიდ ინფიცირებულთან და ბოლო 48 საათის განმავლობაში, არ გამოვლენიათ COVID-19 ინფექციისათვის დამახასიათებელი სიმპტომები. იხილეთ შესავსები ფორმა.

წითელი ზონიდან არავაქცინირებული პირის საფრანგეთში გამომგზავრება დაშვებულია მხოლოდ მითითებულ გამონაკლის შემთხვევებში, ტესტის წარდგენისა და 10 დღიანი კარანტინის პირობით, საკუთარი ხარჯებით:

1. საფრანგეთის მოქალაქე, ასევე, მისი პარტნიორი (დაქორწინებული, სამოქალაქო კავშირში მყოფი (Pacsée, Concubinage) და მათი შვილები.

2. ევროკაშირის და შენგენის ზონის ქვეყნების მოქალაქე, ასევე, მისი პარტნიორი დაქორწინებული, სამოქალაქო კავშირში მყოფი (Pacsée, Concubinage) და მათი შვილები, რომელთა ძირითადი საცხოვრებელი ადგილია საფრანგეთში.

3. პირები, რომლებიც ფლობენ საფრანგეთის ან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქმედ ბინადრობის ნებართვას ან გრძელვადიან ვიზას და რომელთა ძირითადი საცხოვრებელი ადგილია საფრანგეთში, დაიშვებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი საზღვარგარეთ გამგზავრება მოხდა 2021 წლის 31 იანვრამდე ან მათი გამგზავრება გამოწვეული იყო გადაუდებელი საჭიროებიდან.

4. პირები, რომლებიც ფლობენ ოჯახის გაერთიანების მიზნით გაცემულ გრძლევადიან ვიზას, ასევე, ლტოლვილის, სუბსიდიური დაცვის ან აპარტრიდის სტატუსის მქონე პირთა ოჯახის გაერთიანების მიზნით გაცემულ გრელვადიან ვიზას.

5. საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტირების სექტორში დასაქმებული პირები ან სატრანსპორტო სერვისების შემსრულებლები, მათ შორის მძღოლები რომლებსაც გადააქვთ საქონელი აღნიშნული ტერიტორიის მიმართულებით.

6. პირები, რომლებიც დიპლომატიურ ან საკონსულო საქმიანობას ახორციელებენ, ან იმ საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომლები არიან, რომლის სათაო ოფისიც მდებარეობს საფრანგეთში, ასევე, მათი მეუღლე და შვილები.

7. 24 საათზე ნაკლები დროით საერთაშორისო ზონაში მყოფი მგზავრი, ტრანზიტის განსახორციელებლად.

აღნიშნულმა პირებმა საზღვარზე უნდა წარადგინონ:

ბოლო 48 საათში ჩატარებული PCR ტესტის ან ანტიგენზე დაფუძნებული ტესტის უარყოფითი პასუხი;

შევსებული და ხელმოწერილი დეკლარაცია, იმის შესახებ, რომ ბოლო 14 დღის განმავლობაში არ ჰქონიათ კონტაქტი კოვიდ ინფიცირებულთან და ბოლო 48 საათის განმავლობაში, არ გამოვლენიათ COVID-19 დამახასიათებელი სიმპტომები. იხილეთ ფორმა.

შევსებული და ხელმოწერილი დეკლარაცია, იმის შესახებ, რომ დაიცავს საფრანგეთში დადგენილ კარანტინისა და იზოლაციის პირობებს. იხილეთ ფორმა.

იზოლაცია /კარანტინი

წითელი ზონიდან შემოსული პირი ექვემდებარება 10-დღიან სავალდებულო კარანტინს. კარანტინის გავლა მოხდება წინასწარ, მოქალაქის მიერ დაჯავშნილ ადგილზე ან სახელმწიფოს მიერ შერჩეულ სასტუმროში. ნებისმიერ შემთხვევაში, 10 დღიანი კარანტინის ხარჯებს დაფარავს თავად მოქალაქე.

საზღვარზე, ასევე, სავალდებულოა საფრანგეთში საცხოვრებლის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა, რომლის საკარანტინო პირობებთან შესაბამისობას, საზღვრის კვეთისას შეამოწმოებს სპეციალური სამსახური და პირს ეცნობება გადაწყვეტილება კარანტინის აღნიშნულ მისამართზე გავლის შესაძლებლობასთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში