დავაფიქსირეთ არაერთი დარღვევა, როგორც ,,ნაცმოძრაობის'' ასევე სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან - თორნიკე რიჟვაძე

02 ოქტომბერი 2021, 14:58 1255 ნახვა

დღის განმავლობაში, დავაფიქსირეთ არაერთი დარღვევა, როგორც  ,,ნაცმოძრაობის'' ასევე სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან, რომლებიც არღვევენ საარჩევნო კანონმდებლობას - ამის შესახებ თორნიკე რიჟვაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაფერი იქნება დაფიქსირებული და გადაეცემა სადამკვირვებლო ორგანიზაციებს.

"დარწმუნებული ვარ, დღევანდელი გამარჯვება უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას,  ამ შვიდობიან განვითარებაში კი თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქე და  რეგიონის წარმომადგენელი მიიღებს აქტიურ მონაწილეობას"- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის მეთაურის განცხადებით, ფიქსირდება აგიტაციის წესების დარღვევა.

"როგორც მოგეხსენებათ, შესაბამისი საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული 100 მეტრიან რადიუსში დაფიქსირდა, როგორც ,,ნაცმოძრაობის'' წარმომადგენლების, ასევე სხვა ოპოზიციური ძალების წარმომადგენლების მიერ აგიტაციის წესების დარღვევა, ასევე იყო პროვოკაციის გარკვეული მცდელობები, თუმცა ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ყველა პროვოკაცია იქნას განეიტრალებული და არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდ გარემოში. 

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ამ ყველაფერში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის ხმა და მათი გამოხატული არჩევანი. ჩვენ აქტიურად ვიმუშავეთ და შესაბამისად მოვახდინეთ პრევენცია, იმ ტიპის პროვოკაციული მცდელობისა,  როგორიცაა უბნების ჩაშლა და რა თქმა უნდა, არავის არ მივცემთ საშუალებას, მათი დესტრუქციული დღის წესრიგიდან გამომდინარე, ოდნავ მაინც ჩრდილი მიადგეს საარჩევნო პროცესს და მოქალაქეების ნების გამოხატვას - ხმის მიცემის პროცესს"- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში