პენიტენციური სამსახურის განცხადება

07 ნოემბერი 2021, 21:13 671 ნახვა

სიცრუეა, თითქოს მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში განგაშია და სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, მისი მდგომარეობა არის სტაბილური, იმყოფება მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ,- ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

''სიცრუეა მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში განგაშია და ბრალდებულ/მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც მასთან კლინიკა „ვივამედის“ ექიმები შევიდნენ.

განვმარტავთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური და ის მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

ინფორმაციისთვის:5 ნოემბერს ჩატარებულ კონსილიუმზე, რომლის შემადგენლობაში იყო რეანიმატოლოგი და ნევროლოგი, მათ შორის, სააკაშვილის პირადი ექიმიც, პატიმარმა დააფიქსირა ჩივილები – თვალის ტკივილი და სურდო. ამის გათვალისწინებით, გაიცა რეკომენდაცია, რომ მიხეილ სააკაშვილთან ოფთალმოლოგი და ოტორინოლარინგოლოგი შესულიყო.

პრევენციის მიზნით კონსილიუმმა დაგეგმა კარდიოლოგის კონსულტაციაც, რომელიც უახლოეს პერიოდში განხორციელდება.

ორივე ექიმ-სპეციალისტის თქმით, ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილს რაიმე მწვავე პათოლოგია არ გამოვლენია.

მიხეილ სააკაშვილს, მისი თანხმობის საფუძველზე, დაწესებულებაში ჩაუტარდა კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევებიც, რომელთა პასუხები ამ ეტაპზე არ იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა'' - აღნიშნულია განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში