FM ფანტაზიებში ვარგძელებთ სპეც-თემას “ყველა ჟანრის და ყველა დროის 50 საუკეთესო საფორტეპიანო ნაწარმოები” | FM - ფანტაზიები | 17.11.2024

17 ნოემბერი 2024, 16:06 152 ნახვა

FM ფანტაზიებში ვარგძელებთ სპეც-თემას “ყველა ჟანრის და ყველა დროის 50 საუკეთესო საფორტეპიანო ნაწარმოები” | FM - ფანტაზიები | 17.11.2024

არც ისე მარტივი აღმოჩნდა პირადად ჩემთვის, მათი შერჩევა, რადგან ჩაფიქრებული მქონდა ქრონოლოგიური თანმიმდევრობით წარმომედგინა თქვენთვის, ბაროკოს ეპოქიდან 21-ე საუკუნის თანამედროვეობამდე, შერჩეული 50 ნიმუში, რომელიც დანამდვილებით ადასტურებს ფორტეპიანოს ძლევამოსილებას მუსიკის ინდუსტრიაში.  არც თუ ისე ბევრი ინსტრუმენტია ისეთივე უნივერსალური, მრავალმხრივი და აქტუალური ჟანრობრივ უკიდურესობებში, მრავალფეროვნებაში და ამასთან, ემოციის მკაფიოდ გამომხატველი, როგორც ფორტეპიანო.

ამ თემის სხვა შედევრებს გადაცემის ოფიციალურ გვერდებზე იპოვით პლატფორმა “საუნდქლაუდში”, ასევე “ფეისბუქში” ძაღლუკა ან/და ჰეშთეგით FM ფანტაზიები.

#12. Clair de lune” – Debussy (1905)

ყველასათვის ცნობილი და ბევრისთვის უსაყვარლესი, მშვიდი, ეფემერული, ლამაზი და მომაჯადოვებელი - "Clair de lune".

საფორტეპიანო ნაწარმოები, რომელიც უამრავი პიანისტისთვის გარკვეულ რიტუალად ითვლება, აუცილებელ პირობად საყოველთაო აღიარებისთვის. დებიუსის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ნამუშევარი, რომელიც კომპოზიტორმა სიმბოლისტის პოლ ვერლენის ლექსებით შთაგონებულმა დაწერა. შესაძლოა „მთვარის შუქი“ წარსულის გამოჩენილი კომპოზიტორებისადმი პატივისგებაა, ზოგიერთი მიიჩნევს მისტიკურ კავშირს ბეთჰოვენის მთვარის სონატასთან და შოპენის ერთ-ერთ ნოქტურნთან. "მთვარის შუქი" არის ნაზი რომანტიზმის ჰარმონიული შთაგონება, მაგრამ ემოციური შინაარსით, გაცილებით უფრო ღრმა და პოეტური.

#13. Rhapsody in Blue” – George Gershwin (1924)

"Rhapsody in Blue" – “ცისფერი რაფსოდია”, ანუ როგორც მას სხვაგვარადაც უწოდებენ “რაფსოდია ბლუზის სტილში, “ბლუზის ტონებში…”” პირველად 1924 წელს შესრულდა, ისტორიულ კონცერტზე, რომელსაც ერქვა “ექსპერიმენტი თანამედროვე მუსიკაში”;

ბევრი გავლენიანი მუსიკოსის გარემოცვაში: სტრავინსკი, რახმანინოვი, კრაისლერი… ორი ეპოქის დამაკავშირებელი იდეალური ნიმუში.

ეს ჰიბრიდული ნაზავი დაწერილია ამერიკელი კომპოზიტორის ჯორჯ გერშვინის მიერ, სოლო ფორტეპიანოსა და ჯაზ-ჯგუფისთვის. კომპოზიტორისა, რომლის ნამუშევართა უმეტესობა დღემდე ჭარბად გამოიყენება პოპ-კულტურაში, ტელევიზიასა თუ კინოფილმებში, მრავალი მათგანი ჯაზ-სტანდარტადაც კი იქცა.

ლან-ლანისა და ჰერბი ჰენკოკის მიერ შესრულებული მომდევნო ვერსია, ცალსახად „არ ჯდება“ რადიო-სტანდარტში, რადგან მისი ქრონომეტრაჟი, არც მეტი - არ ნაკლები, 20 წუთია, მაგრამ... ამ შემთხვევაში, არ არსებობს „მაგრამ“...

#14. “Ain’t Misbehavin'” – Fats Waller (1929)

კომპოზიცია "Ain't Misbehavin'" მისმა ავტორმა, ჯაზ-პიანისტმა, კომპოზიტორმა, ასევე ორღანისტმა, მევიოლინემ, მომღერალმა და კომიკოსმა თომას რაიტ უოლერმა, უფრო მეტად ცნობილმა, როგორც ფეტს უოლერი, პირველად Steinway-ის როიალზე სტუდია Victor-ში 1929 წელს შეასრულა.

მას შემდეგ იგი მე-20 საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ჩაწერილი სიმღერაა - 300-ზე მეტმა შემსრულებელმა გადაამღერა საკუთარი ვარიანტით.

უოლერი ძირითადად სვინგსა და სტრიდის ჟანრებში მუზიცირებდა. ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია: მრავალი ჯაზ-შემსრულებლის მიერ არანჟირებული Honeysuckle Rose, და მომდევნო, Ain't Misbehavin.

ცნობისთვის, ორივე ნამუშევარი შეყვანილია გრემის დიდების დარბაზში 1984 და 1999 წლებში. საერთო ჯამში, ფეტს უოლერი არის 400-ზე მეტი სიმღერის ოფიციალური ავტორი, რომელთაგან ბევრი დაწერილია შემოქმედებით პარტნიორთან, ენდი რაზაფთან ერთად. ამ უკანასკნელს უოლერზე უთქვამს, რომ იყო „ადამიანი, რომელიც ამღერებდა ფორტეპიანოს“. ვარაუდობენ, რომ უოლერს ეკუთვნის სხვა, უფრო მეტად პოპულარული სიმღერები, ვიდრე ოფიციალურად არის ცნობილი, რადგან როცა მას ფინანსურად უჭირდა, საკუთარი სიმღერები სხვა მუსიკოსებისთვის მიუყიდია, ავტორის სახელის მითითების გარეშე უფლებით, შესაბამისად ისინი იმ კომპოზიციებს თავიანთ ქმნილებებად ასაღებდნენ.

#15. “Heart and Soul” – Frank Loesser and Hoagy Carmichael (1938)

მომდევნო კომპოზიციას ხშირად ასრულებენ როგორც ვოკალისტები, ასევე დამწყები პიანისტებიც, უკრავენ საფორტეპიანო დუეტშიც. ასწავლიან კიდეც დამწყებთ მარტივ ორმხრივ დუეტს, როდესაც ერთი უკრავს აკორდებს, მეორე კი მელოდიას. ეკუთვნის იგი კომპოზიტორს, დირიჟორსა და მსახიობს ჰოგი კარმაიკლს. ტექსტის ავტორი კი ფრენკ ლოსერია. ინსტრუმენტული თუ ვოკალური ვარიაციების მიუხედავად, უფრო მეტი პოპულარობით საფორტეპიანო ვერსია სახელდება. ცნობილია მათთვისაც კი, ვისაც არასოდეს უსწავლია ფორტეპიანო. ფართოდ გავრცელების გამო ზოგი მას შეცდომით ხალხურ მელოდიად მიიჩნევს.

#16. “Take the ‘A’ Train” – Duke Ellington (1941)

ელეგანტური მაესტრო, ჯაზის მსოფლიო ელჩი - ედვარდ კენედი ელინგტონი (მეტსახელად “დიუკ” – “ჰერცოგი”). ჯაზის ისტორიაში ლუი არმსტრონგის გვერდიგვერდ კიდევ ერთი ლეგენდარული პიროვნება სწორედ დიუკ ელინგტონია.

 თეთრი სახლის მსახურის ვაჟიშვილი, რომელიც ვაშინგტონის გარეუბანში მზრუნველ ოჯახში იზრდებოდა და ფორტეპიანოს გაკვეთილებზე 7 წლიდან დადიოდა. მუსიკის წერა ყმაწვილობიდანვე დაიწყო, ხოლო 1917 წელს მუსიკალური კარიერის გამო უმაღლესი განათლების მიღებაზე თქვა უარი.  ის 5-კაციანი ბენდის წევრი გახდა, რომელსაც The Washingtonians ეწოდებოდა, გამოსვლებისთვის კენტუკი-ლაბი აირჩიეს, ხოლო პირველი ჩანაწერები 1924 წელს გამოაქვეყნეს.

მოგვიანებით გაერთიანების ხელმძღვანელი ელინგტონი გახდა. უკრავდნენ მჭახე სტილის ჯაზს, რომელსაც „ჯუნგლის მუსიკა“ უწოდეს. ცოტა ხნის შემდეგ ელინგტონის ბენდი ქალაქის ზემო ნაწილში - „კოტონ-კლაბში“ გადავიდა. ჰარლემის ამ სახელგანთქმული კლუბიდან პირდაპირმა რეპორტაებმა ელინგტონსა და მის ბენდს, კლუბში მოღვაწეობის 2 წლის განმავლობაში, სახელი მთელ ქვეყანაში გაუთქვა.

1931 წელს დიუკმა ჩაწერა თავისი ჰიტის ინსტრუმენტული ვერსია Mood Indigo. ამას მოჰყვა სხვა ჰიტები: Sophisticated lady, Solitude, Reminiscing in Tempo. 1939 წლის დასაწყისში პიტსბურგელი ახალგაზრდა კომპოზიტორი, არანჟირების ოსტატი და პიანისტი ბილი სტეიჰორნი შეუერთდა ორკესტრს. 1940 წელს კი კომპოზიტორთა, ავტორთა და გამომცემელთა ამერიკულმა საზოგადოებამ გაზარდა მოსაკრებელი საავტორო უფლებებზე რადიოსადგურებისთვის, შესაბამისად დიუკ ელინგტონი და მისი ორკესტრი იძულებული გახდნენ შეეწყვიტათ სხვათა კომპოზიციების დაკვრა. სიახლეების ძიებაში, ელინგტონმა საკუთარ შვილს მერსერსა და სტრეიჰორნს მიმართა, ამ უკანასკნელს კი მანამდე ჰქონია დაწერილი რაღაც ინსტრუმენტალი, თუმცა დაუწუნია და ნაგავში გადაუგდია. საბედნიეროდ, გადაყრილი პიესის ფურცლები მერსერ ელინგტონს გადაურჩენია. ერთობლივი კორექტირებების შედეგად ორიგინალის მელოდიური ხაზი ოდნავ შეიცვალა, შეიქმნა სენტიმენტური ხასიათის "Take the 'A' Train", რომელიც ჯაზის მარადიულ სტანდარტად იქცა.

#17. “Misty” – Erroll Garner (1954)

კიდევ ერთი ჯაზ-სტანდარტი, რომელიც 1954 წელს დაიწერა პიანისტისა და კომპოზიტორის, ჯაზ-ფორტეპიანოს ნოვატორისა და ვირტუოზის ეროლ ლუის გარნერის მიერ. უნიკალური „ორკესტრული“ სტილის გამო მას მოიხსენიებდნენ როგორც „კაცს 40 თითით“. Misty - თავდაპირველად შეიქმნა როგორც მისთვის ტრადიციული 32-ტაქტიანი ინსტრუმენტალი ალბომისთვის „კონტრასტები“. ტექსტი მოგვიანებით დაამატა ავტორ-პიანისტმა ჯონი ბურკმა. თითქმის ყველა გადამღერებული თუ ინსტრუმენტული ვარიანტი შემსრულებელთათვის საფირმო აღმოჩნდა. Misty შეტანილია ამერიკის ხმის ჩამწერი ინდუსტრიის ასოციაციისა და ხელოვნების ეროვნული ფონდის მიერ შედგენილ საუკუნის სიმღერათა ჩამონათვალში.

#18. “Tutti Frutti” – Little Richard (1955)

1955 წელს, 22 წლის მომღერალმა, პიანისტმა და კომპოზიტორმა, როკ-ენ-როლის ერთ-ერთმა მოწინავე მუსიკოსმა, სახელად - ლიტლ რიჩარდი, ნიუ-ორლეანში ხელი მოაწერა კონტრაქტს ლეიბლ Specialty Records-თან და სტუდიურ მუშაობას მალევე შეუდგა. მანამდე მას სხვადასხვა ხმისჩამწერ კომპანიასთან 4 წლიანი წარუმატებელი თანამშრომლობა აკავშირებდა. ახალ სტუდიაში მისი პირველი ჩანაწერები შეიქმნა პროდიუსერ რობერტ "ბამპს" ბლექველისა და Fats Domino-ს ჯგუფის დახმარებით. როგორც ბამპსი იხსენებდა, პირველმა დღემ სტუდიაში უღიმღამოდ ჩაიარა, არაფერი იყო იმედის მომცემი. შესვენებისას, სასტუმროს კვებით ზონაში, რიჩარდმა შეამჩნია იქვე მდგარი ფორტეპიანო, დაარტყა კლავიშებს და წაიმღერა მისთვის სახასიათო, ჟარგონებით აღსავსე ფრაზების მქონე "Tutti Frutti", რომელიც მანამდე არაერთხელ ჰქონდა საკუთარ კონცერტებზე შესრულებული, სიმღერებს შორის პაუზების შესავსებად. ტექსტის უხამსი და კუთხური მოტივები სტუდიაში დაბრუნებისთანავე დააკორექტირეს. პროდიუსერის თქმით, სიმღერას უმალვე რევოლუცია უნდა მოეხდინა მთელ მუსიკალურ ინდუსტრიაში, თუმცა, გაყიდვების პირველი მაჩვენებელი უიმედოდ გამოიყურებოდა - სულ რაღაც 250 ერთეული. ”უცნაურია,” იხსენებდა რიჩარდი, ”თავდაპირველად ჩემს სიმღერებზე შავკანიანი პუბლიკა საერთოდ არ რეაგირებდა. მათ B.B. King-ის ბლუზი სურდათ - ასე იყვნენ მიჩვეული. მე ვუმღერებდი "Tutti Frutti"-ის და არაფერი! მერე ვიღაც გამოვიდოდა სცენაზე, ძველ ბლუზ-სიმღერას შეასრულებდა და ისევ ყველა გაგიჟდებოდა“. თუმცა, სინგლის ხელახალი გამოცემა ერთ კვირაში 200 000 ეგზემპლარით გაიყიდა და მალე, მილიონიან ნიშნულს მიაღწია. პროდიუსერის მოლოდინიც გამართლდა.