მუსიკა ეროტიკული ფილმებიდან - მე 3 ნაწილი | FM - ფანტაზიები | 01.12.2025
ფილმებში გამუდმებით ვხედავთ არარეალურად ლამაზ ეროტიკულ სცენებს, რომლებსაც მომაჯადოვებელი მუსიკა ახლავს თან. რეალურ ცხოვრებაში ყველაფერი ცოტა განსხვავებულადაა. “FM ფანტაზიების“ დღევანდელი ეთერითაც, წინამორბედი 2-ის მსგავსად, გავიხსენებთ ყველა დროის, ყველაზე ელეგანტურ, ამაღლებულ და ემოციურად დამუხტულ ეროტიკულ ფილმებს — მაგრამ არა სცენებით ან ეპიზოდებით… არამედ იმ მუსიკით, რომელმაც ეს ფილმები ლეგენდებად აქცია. ზოგჯერ ერთი მელოდია უფრო მეტს ამბობს, ვიდრე მთელი სცენარი. ზოგჯერ — ერთი აკორდი ქმნის იმ განწყობას, რომელსაც სიტყვები ვერ აღწერს. მოდით, დავიწყოთ მგზნებარე მუსიკალური მოგზაურობა FM 104-სა და 5-ზე…
Pierre Bachelet, Jean Schulteis – “Motel Show” from ‘Le Dernier Amant Romantique’ [1978]
70-იანების პარიზული ეშხი, რბილი სინთეზატორები, კამერის ნელი მოძრაობა… და მუსიკა, რომელმაც Erotic Cinama კინემატოგრაფის ისტორიაში სამუდამოდ დააკანონა. ეს იყო ფილმი, რომელმაც ჟანრი „ლეგალურ ხელოვნებად“ აქცია. ხოლო, მუსიკა — მისი ყველაზე აშკარა საცნობია. კომპოზიტორ პიერ ბაშელეს თემა თითქოს ხავერდივით ეხვევა კადრებს. მელოდია იმდენად დელიკატურია, რომ… არაფერს ამბობს პირდაპირ, მაგრამ მაინც ყველაფერს გაგრძნობინებს.
Pierre Bachelet – “Emmanuelle In Thailand” from Emmanuelle [1974]
არსებობენ კომპოზიტორები, რომლებიც უბრალოდ მუსიკას კი არ წერენ — არამედ ქმნიან სივრცეებს, სადაც ემოციები სხვა ფორმით სუნთქავენ. სტენლი მაიერსი ერთ-ერთი მათგანია. მისი მუსიკა იმდენად ფრთხილად ეხება ადამიანის შინაგან სამყაროს, რომ თითქოს ხაზს უსვამს იმ გრძნობებს, რომლებიც სიტყვებს არ ემორჩილება. ახლა თქვენთან ერთად მოვუსმენ ამონარიდებს საუნდტრეკიდან 1984 წლის ეროტიკული დრამისთვის „ო-ს ისტორია: თავი 2“, რომლის სცენარი წარმოადგენს 1975 ფილმის „ო-ს ისტორია“ გაგრძელებას და რომელიც ნოველისტ პოლინ რეაჟის 1954 წლის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციაა. სხვათა შორის, მეორე ფილმი სტენლი მაიერსის გარდა მუსიკალურად გააფორმა საუნდტრეკთა დიდოსტატმა, გერმანული წარმოშობის უნიკალურმა კომპოზიტორმა ჰანს ციმერმა.
Hans Zimmer – “Ouverture To A Party” from ‘Histoire d'O N.2’ [1975]
…Hans Zimmer-ის უვერტიურა ტაბუდადებული ფილმიდან ‘ისტორია ო - თავი მეორე’ გადაღებული საქვეყნოდ ცნობილი უსირცხვილო ეროტიკული რომანის მიხედვით, რომელმაც მსოფლიო შოკში ჩააგდო. კიდევ რამდენიმე მუსიკალური ეპოსი მინდა შემოგთავაზოთ იგივე კინოსურათიდან. ამჯერად სტენლი მაიერსის ავტორობით. სამი კომპოზიცია, სამი კარიბჭე მაიერსის ემოციური სამყაროდან... პირველი მუსიკალური პეიზაჟი — „Married Love“, თითქოს გვათბობს და უსიტყვოდ გვაახლოვებს სურვილებთან, აქ არ არის დიდი დრამა — მხოლოდ სინაზე, ოდნავ სევდიანი, მაგრამ მაინც ბედნიერი. ჰანგები, რომლებიც მოგონებებს ნაზად აცოცხლებენ.
Stanley Myers – „Married Love” from ‘Histoire d'O N.2’ [1975]
მომდევნო კომპოზიციას უკვე სრულიად სხვა სამყაროში გადავყავართ — იგი უფრო ღრმა, იდუმალი და დაძაბულია. „The World of ‘O’“ წყვეტილად, თითქოს მბჟუტავი სანთლის სინათლეში იწყება და ნელ-ნელა იძენს ძალას. ეს არის სივრცე, სადაც სურვილები და შიშები ერთმანეთში ირევიან; სადაც ერთი ამოსუნთქვით შეგიძლია ააზვირთო ემოციური შტორმი. მაიერსმა ამ კომპოზიციაში თითქოს ადამიანის ქვეცნობიერის ჩუმი (ფარული) ჩარჩოები გახსნა — ისეთი, რომელსაც სიტყვები ხშირად ვერ აღწერს.
Stanley Myers – The World of “O” from ‘Histoire d'O N.2’ [1975]
და ბოლოს — „Deviation“. აქ უკვე ყველაფერი უფრო სწრაფი, მკვეთრი და მოულოდნელია. კომპოზიცია მოგაგონებთ მომენტს, როცა რაღაც შინაგანი წესი ირღვევა, როცა სურვილი კონტროლს აღარ ექვემდებარება. ადრენალინი მელოდიის მოსმენისას უფრო გამძიმებს. ეს მუსიკა მარტივი არაა — მაგრამ სწორედ ამ სირთულეში იმალება მისი სილამაზე.
Stanley Myers – Deviation from Histoire d'O N.2’ [1975]
სტენლი მაიერსის ეს ნამუშევრები თითქოს ერთი ისტორიის სხვადასხვა თავია — სიყვარული, იდუმალება და გადახვევა… გრძნობები, რომლებიც ყოველთვის ტრიალებენ იქ, სადაც ადამიანი საკუთარ თავს ეძებს. მინდა იცოდეთ, როგორი ნაზი შეიძლება იყოს საუნდტრეკები ეროტიკული კინოჟანრისთვის. გაბრიელ იარედის მუსიკალური თემა კინოფილმისთვის The Lover ამის ყველაზე ნათელი მტკიცებულებაა. სიმები, პიანინოს მსუბუქი პარტია, მელოდია, რომელიც სიყვარულსაც და ტკივილსაც გამოხატავს. ეს ფილმი “სილამაზის ენაა”, ხოლო მუსიკა — მისი ყველაზე ნაზი აბზაცი.
Gabriel Yared – L'amant from „The Lover“ [1992]
და თუკი, ეროტიკული ფილმების ჰაეროვან საუნდტრეკებზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია არ გავიხსენოთ იაპონელი კომპოზიტორის სიგერუ უმებიასის უნაზესი კომპოზიცია არტ-ჰაუს მელოდრამისთვის „სასიყვარულო განწყობა“, რომლის რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი ვონგ კარვაია. „Yumeji’s Theme“ – შიგნით დახშული ტკივილია, გარედან კი უსასრულოდ ელეგანტური მანერები, სადაც ყოველი ნაბიჯი, ყოველი გამოხედვა, ყოველი ჩუმი ამოსუნთქვა უფრო მეტს ამბობს, ვიდრე სიტყვები. ეს მუსიკა არ აღწერს სიყვარულს; ის თავად არის გაუმხელელი სიყვარული...
Shigeru Umebayashi – “Yumeji's Theme“ from ‘In The Mood For Love’ [2000]
+Mychael Danna – „Exotica” from ‘Exotica’ [1994]
1994 წელს მაიკლ დანამ შექმნა მუსიკა, რომელიც თითქოს სავსეა ცხელ, ტროპიკულ ჰაერთან შერეული საიდუმლოებით. „Exotica“ არ არის უბრალოდ მელოდია — ეს არის ნელი, დამძიმებული სუნთქვა, რომელიც სხეულს და გონებას ერთდროულად ატყვევებს. თავდაპირველი ბგერები ლამის შორეული რიტუალის ხმას ჰგავს — ჩუმი, მაგრამ მეხსიერებაში ღრმად ჩამჯდარი. ინსტრუმენტები ალაგ-ალაგ ეფინებიან ერთმანეთს და ქმნიან ატმოსფეროს, სადაც ვნებაც არის, სიმშვიდეც და გაურკვეველი შინაგანი სევდაც. „Exotica“ გაგრძნობინებს, რომ სამყარო შენს ირგვლივ ნელდება და რჩება მხოლოდ ერთი რამ — შენი შინაგანი რიტმი. კომპოზიტორი არ გვთავაზობს მკაფიო სიუჟეტს; გვაძლევს სივრცეს, რომ საკუთარ ფანტაზიას მივყვეთ. სწორედ ამიტომ ეს მუსიკა მაყურებელსა და მსმენელს ერთდროულად აქცევს მოგზაურად შეუცნობელისკენ — სითბოსკენ, სურვილისკენ, მისტიკისკენ. ეს არის კომპოზიცია, რომელიც სრულ სიჩუმეში ყველაზე ხმამაღლა საუბრობს.
Mychael Danna - Inside Me from ‘Exotica’ [1994]
დელიკატურიც და სახიფათოც. მნიშვნელოვნად კლასიკურიც და სრულიად თანამედროვე. ჯერი გოლდსმითმა შექმნა მელოდია ერთ-ერთი ყველაზე ინტელექტუალური ეროტიკული მელოდრამისთვის. მისი მუსიკა თითქოს ფსიქოლოგიური თამაშია — რომლის მონაწილეც თავად ხარ. ეს არის ფილმი, სადაც მუსიკა არა ფონს არამედ დაძაბულობის ქმნის. მართავს ყველას, ეკრანზე ნაჩვენებ გმირებსაც და მაყურებელსაც…
John Murphy – “Legs Wide Open On a Chair“ from ‘Basic Instinct 2: Risk Addiction’ [2015]
80-იანების პულსი, ფილმი და საუნდტრეკი, რომელსაც იმ ეპოქაში ყველაზე თამამი ენერგია მოჰქონდა. ამ კინოსურათიდან არაერთი სიმღერა გახდა ეროტიკული სიმბოლო. 1986 წლის ფილმი „9 1/2 Weeks“, მთავარ როლებში — მიკი რურკითა და კიმ ბეისინჯერით — სავსეა მომენტებით, სადაც მუსიკა და ეროტიკა ერთმანეთს იდეალურად ერწყმის. მომდევნო ინსტრუმენტალური პიესა - რიტუალია. მუსიკა, რომელიც სხეულის რითმს ზუსტად იმეორებს. უფრო სწორედ, გახსენებთ სცენას, რომელიც უკვე ათწლეულებია ეროტიკული კინოს ისტორიის ნაწილად იქცა. ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი - სცენა წვიმიან საფეხურებზე, სადაც დაძაბულობასა და სურვილს სრულიად ახალ ელფერს აძლევს ჟან-მიშელ ჟარის ელექტრონული კომპოზიცია „Arpeggiator“. ეს ტრეკი პირველად ჯერ კიდევ 1976 წელს გამოიცა, ავტორის ლეგენდარული ალბომიდან Oxygène, თუმცა თავისი მეორე სიცოცხლე სწორედ „9 1/2 Weeks“-მა მისცა.
„Arpeggiator“ არის პულსირებადი, ჰიპნოზივით ჩამთრევი ელექტრონული მელოდია — ისეთი, კადრს რომ უხილავი ენერგიით ავსებს. მისი რიტმი ქმნის იმ შიდა დაძაბულობას, რომელიც ფილმის ამ სცენას განსაკუთრებულ, თითქმის მაგნიტურ ატმოსფეროს ანიჭებს.
საოცარია, მაგრამ ამ ერთმა მუსიკალურმა ფრაგმენტმაც კი დიდი როლი ითამაშა ფილმის საერთაშორისო წარმატებაში — 9 1/2 Weeks-ის საუნდტრეკი თავისთავად გახდა კულტურა, ხოლო „Arpeggiator“ დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე ცნობად ელექტრონულ კომპოზიციად, დაკავშირებული აბსოლუტურად დაუვიწყარ მომენტთან…
Jean Michel Jarre – “Arpegiateur” from ‘9 ½ Weeks’ [1986]
დღევანდელობაში არსებობს სიმღერები, რომლებიც პირველივე წამიდან გამოხატავენ სათქმელს. მომღერლისა და ავტორ-პროდიუსერის Joy-ის კომპოზიცია Lick სწორედ ასეთია: მკვეთრი, თამამი და ზე-სექსუალური. მელოდია იმპულსური ბითით იწყება, შემდეგ გადადის მუსიკაში, სადაც რიტმი და უშუალოდ ეროტიკა ერთმანეთში შეუფერხებლად ირევიან. Joy-ის ვოკალი — ნახევრად ჩურჩული, ნახევრად გამოწვევაა… ცდუნებაა, რომელიც იმ ზონაში გიწვევს, სადაც სიტყვები ნაკლებად მნიშვნელოვანია, სადაც მთავარია ენერგია, ბგერის ტემპერატურა.
Lick წარმოადგენს თანამედროვე pop-ის ერთ-ერთ ყველაზე გამოკვეთილ ესთეტიკას: მარტივი, მაგრამ მასტიმულირებელი ბასი, ელექტრონული პულსაცია და ის vibe, რომელიც შუქის ჩაქრობისას ოთახს ნელ-ნელა, მოწითალო აურას აძლევს. ეს სიმღერა არ ყვება ამბავს — ის მომენტზეა, სასურველ შეგრძნებაზე… სივრცე, სადაც ეროტიკულობა აღარ არის შოკი — ის არის რიტმი, ფიქრი, სუნთქვა… და სწორედ ამიტომ „Lick“ ჩემი აზრით, უდავოდ შედის იმ ტრეკების სიაში, რომლებიც მსმენელს საკუთარი ფანტაზიისკენ უბიძგებს.
Joi – “Lick” from ‘XXX’ [2002]
რატომაა მუსიკა ეროტიკული ფილმებიდან ასეთი შთამბეჭდავი?
ვფიქრობ, სამი მიზეზის გამო:
ერთმა სწორად შერჩეულმა ნოტმა შეიძლება თქვას ის, რასაც ეკრანი ვერ ბედავს და ვერც ვერასოდეს გაბედავს.
FM ფანტაზიების ამ ტრილოგიით ვეცადე გადმომეცა, რომ ეროტიკული ფილმის ძალა დიდწილად, —მუსიკაშია. იმ მელოდიაში, რომელიც უფრო გვაცოცხლებს და უფრო ემოციურს გვხდის.
დამშვიდობება