2025 - ის 100 საუკეთესო სიმღერა | FM - ფანტაზიები | 14.12.2025

14 დეკემბერი 2025, 17:17 18 ნახვა

2025 - ის 100 საუკეთესო სიმღერა | FM - ფანტაზიები | 14.12.2025

2025 - მუსიკალური ინდუსტრიისთვის ერთი გიჟური წელი იყო — გაუგებარი! საიდან მოდიოდა შენი მომდევნო, საყვარელი სიმღერა? რამ განაპირობა მათი შექმნა? რამ შთააგონა ავტორები ამ ფორმით მოეწოდებინათ საკუთარი გრძნობები, ემოციები, განცდები?

ზოგიერთი საუკეთესო ნამუშევარი მოხვდა კიდეც მსოფლიო ჰიტ-აღლუმთა სათავეებში, მყისიერად კლასიკაზე პრეტენზიით, წალეკეს რადიოეთერები და აატრიალეს პუბლიკა კლუბებში. ზოგი კი, ანდერგრაუნდიდან აღმოცენდა — ბრაზიანი ხმაურით, მასობრივი ხელოვნების მიერ ჩაგრული ექსპერიმენტებით… ტრადიციისამებრ ყოველი წლის მიწურულს, “ფმ ფანტაზიებში” წარმოგიდგენთ გასული წლის საუკეთესო სიმღერების ასეულს, მსოფლიო კულტურის შესახებ ერთ-ერთ მოწინავე ტაბლოიდზე “როლინგ სთოუნზე” დაყრდნობით. აქაა სოულ-დივები, ქანთრი-მეამბოხეები, როკ-მონსტრები, ფურორის მცდელობები და სხვები… თანამედროვეობის ლეგენდები, რეკორდსმენები: ქენდრიკი და SZA, ტეილორი და გაგა, მეგაჰიტებით, რომლებიც თვეების განმავლობაში ახდენდნენ ჯადოსნურ ზეგავლენას და აქტუალობის დაკარგვის გარეშე განსაზღვრეს წლის მუსიკალური ტენდენციები, ჟღერადობა… აქვეა სევდიანი ბალადები წარუმატებელ ურთიერთობებზე, იქნება ეს ჩაპელი, რომელიც მეტროთი მგზავრობს თუ MJ Lenderman, რომელიც სიბნელეში ზის და Steely Dan-ს უსმენს. წარმოდგენილია შაოლინის ლეგენდები და TikTok-ბავშვები, წვეულებათა ჰიმნები და წყეული განშორებები, სიბილწე, მრისხანება, ხმაური და გოდება. ასე რომ, აუწიეთ რადიოს და იგრძენით 2025 წლის რიტმი, რადგან სრულ სიას დღეს და მომდევნო გადაცემებში, მხოლოდ მე მოგასმენინებთ, სათითაოდ, მხოლოდ “FM ფანტაზიებში“ მცირე შემეცნებითი შესავლებით.

100 | Miley Cyrus, ‘End of the World’

მიუხედავად პირქუში სახელწოდებისა, “End of the World” - „მსოფლიოს აღსასრული“ მაილი საირუსის კონცეპტუალური ალბომიდან Something Beautiful საცეკვაო სტილშია გადაწყვეტილი. დედისთვის დაწერილი სიმღერა აჩვენებს, რომ საირუსი ნეგატიურ ფიქრებსა და გრძნობებზე ფოკუსირების ნაცვლად, უდარდელი გართობისთვისაა მზად. აპირებს გაემგზავროს პარიზსა და მალიბუში; და მეგობრებთან ერთად არაერთი წვეულება გამართოს. ეს არის მოციმციმე რითმის, დისკოს ელფერით შეზავებული მელანქოლიური პოპ-ჩანაწერი, ფილოსოფიური, ამასთან ძალზედ ყოფითი აქცენტებით — რას ნიშნავს რაღაცის დასასრული? რას მოვიმოქმედებდით დღეს რომ სამყაროს ბოლო დღე იყოს? ეს არის ხმოვანი მონოლოგი როცა დრო იწურება და ერთადერთი, რაც დაგვრჩენია — ერთმანეთია… დაე, ეს მელოდია გახდეს რამდენიმე წუთით თქვენი შინაგანი სამყაროს შთამაგონებელი.

99 | Four Tet, ‘Into Dust (Still Falling)’

წლის საუკეთესო ასეულში 99-ე პოზიციაზე მყოფი კომპოზიციით თითქოს გადავდივართ ისეთ სივრცეში, სადაც დრო ნელდება, ხოლო ხმა სინათლის ნაწილაკებად იქცევა. თანამედროვე ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შემსრულებლის Four Tet-ის ახალი ატმოსფერული კომპოზიცია ‘Into Dust (Still Falling)’ — ისეთ სამყაროს ქმნის, რომელიც თითქოს სადღაც, სიზმარსა და რეალობას შორის არსებობს. ეს არის მგრძნობელობის, მინიმალიზმისა და რიტმული სიღრმეების იდეალური შერწყმა. მოდით, ერთად ჩავიძიროთ ამ თბილ და უსასრულოდ მოლივლივე ხმოვან ტალღებში.

98 | The Kid Laroi, ‘How Does It Feel?’

ინტიმური კითხვიდან იწყება ისტორია, რომელსაც ამჯერად გვიყვება — The Kid Laroi, წლის განსაკუთრებული ასეულის 98 პოზიციიდან, ‘How Does It Feel?’ ეს არის სიმღერა იმ გრძნობებზე, რომლებსაც ჩვეულებისამებრ ყველა მალავს: იმედგაცრუება, სურვილი და პასუხის მოლოდინი, რომელიც შესაძლოა არასდროს მივიღოთ. ერთ-ერთი ყველაზე გულწრფელი და სტრუქტურულად ძლიერი ტრეკი ახალგაზრდა ვოკალისტის რეპერტუარიდან. მოდით, ერთად მოვუსმინოთ ამ გულწრფელ მონოლოგს, ენერგიული მელოდიით შეფუთულ ემოციასა და ძალიან გულახდილ ადამიანურ აღსარებას.

97 | Julien Baker and Torres, ‘Sugar in the Tank’

სამხრეთული ფესვების მქონე ორმა მომღერალმა და კომპოზიტორმა, ჯულიენ ბეიკერმა და ტორესმა ჩაწერეს ალტერნატიული ქანთრი სეტი “Send a Prayer My Way”, რითიც ერთობლივად შემატეს კიდევ ერთი ხმა ეთნიკური-მუსიკის ტრადიციას. ამ ფირფიტის გამორჩეული მომენტია, „Sugar in the Tank“. მჟღერი, ხმაურიანი გიტარების ფონზე მღერის ბეიკერი მომაკვდინებელ, ინტენსიურ ლტოლვაზე. მოუსმინეთ როგორია თანამედროვე ქანთრი კლასიკა.

96 | Lord Sko feat. Curren$y, ‘Understand’

2025-ის საუკეთესო კომპოზიციათა ასეულში 96-ეა ტრეკი, რომელიც მყურდოებასა და ქუჩის ვიბრაციას ერთმანეთში აერთიანებს, კომპოზიცია არის თანამშრომლობა, სადაც თანამედროვე ჰიპ-ჰოპი ყველაზე ბუნებრივად ჟღერს — ავთენტური ხარისხის ორი ხმა Lord Sko და Curren$y - ერთ ბითზე, მშვიდი საწყისიდან დახვეწილ ლირიკამდე, ქმნიან ატმოსფეროს სახელწოდებით ‘Understand’. ენერგიას, რომელსაც ვერაფერი ეცილება: თავისუფალი, მსუბუქი და სტილზე აგებული. მოდით, მოვუსმინოთ, როგორ აისახება ურბანული რიტმი ამ დუეტში.

95 | Carin León and Kacey Musgraves, ‘Lost in Translation’

ამჯერად რადიო აჭარის ეთერში გაჟღერდება კოლაბორაცია, სადაც ორი სრულიად განსხვავებული სამყაროს ხმა სასიამოვნოდ ერთიანდება — Carin León-ი და Kacey Musgraves-ი - გვთავაზობენ ნაზ, ღრმა და ემოციურ მოგზაურობას საკუთარ მუსიკალურ სამყაროში. ‘Lost in Translation’ არის მომენტი, როცა სიტყვები უმნიშვნელოა და სადაც მელოდია თავად ამბობს ყველაფერს. „ტკბილი, კულტურათშორისი მომენტი, ტრეკი ჩვენი დაძაბული პოლიტიკური კლიმატის ნაზ კონტრაპუნქტია “ - წერია ჟურნალ „როლინგ სთოუნის“ რეცენზიაში.

94 | Blood Orange feat. Eva Tolkin and Liam Benzvi, ‘Westerberg’

გგონიათ, ოთხმოციანი წლების ნოსტალგიის ყველა შესაძლო პერმუტაცია გსმენიათ? არა! რადგან ავტორ-შემსრულებლის, მუსიკალური პროდიუსერის, კომპოზიტორისა და რეჟისორის დევონტე ჰაინსის იგივე Blood Orange-ის ისტორიული მუსიკალური ფენტეზი „ვესტერბერგი“ პატივს მიაგებს პანკ-როკ ლეგენდის The Replacements-ის საყვარელ ფრონტმენს, Paul Westerberg-ს და ოსტატურად ციტირებს 1987 წლის ფავორიტი სინგლიდან “Alex Chilton” მონაკვეთებს, რაც 94-ე პოზიციაზე მყოფ ჩანაწერს ერთგვარ დიალოგად აქცევს ძველ და ახალ მუსიკას შორის - ნოსტალგიური ტექსტურის ღრმა ემოციებით.

93 | Marianne Faithfull, ‘Burning Moonlight’

საუკეთესო ასეულში 93-ეა აღსარება სახელწოდებით ‘Burning Moonlight’ და ეკუთვნის იგი ლეგენდარულ ინგლისელ მუსიკოსსა და მსახიობს Marianne Faithfull-ს. ამ არტისტმა პირველ წარმატებას 60-იანებში Rolling Stones-ის კომპოზიცია As Tears Go By-ის ქავერით მიაღწია და მოგვიანებით მრავალი განსაცდელის — დამოკიდებულებების და ჯანმრთელობის პრობლემების გადალახვით მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა როკ და ალტერნატიულ მუსიკაზე. ‘Burning Moonlight’ არის ამავე სახლწოდების მქონე მისი 2025 წლის სახელგანთქმული მინი ალბომიდან, რომელიც პოსტ-მორტემ გამოიცა, თითქმის 60-წლიანი კარიერის პოეტურ-რეფლექსური ორიენტირია — როგორ მუსიკალურ ფესვებზე დაბრუნება, ისე მისი შემოქმედებით-ემოციურ გზაჯვარედინზე მერყეობა. Burning Moonlight ხიდია არტისტის წარსულსა და შემოქმედებას შორის.

92 | Netón Vega, ‘Loco’

შემდეგია სიმღერა, რომელიც განასახიერებს ახალ ეტაპს იმ ახალგაზრდა მექსიკელი არტისტის კარიერაში, ვინც თანამედროვე ლათინურ მუსიკალურ სცენაზე დაუვიწყარი კვალი უკვე დატოვა — ლუის ერნესტო ვეგა კარვაჟალი, იგივე Netón Vega, ცნობილია იმ ჩანაწერთა ავტორ-შემსრულებელად, რომლებმაც ლათინურ ჰიტ-აღლუმებში მნიშვნელოვან წარმატებებს უკვე მიაღწიეს. ‘Loco’ 2024-ით დათარიღებული სინგლია, რომელიც დამსახურებულად მოხვდა Billboard-ის ლათინურ კომპოზიციათა ათეულში და გახდა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჰიტი 2025-ში. ეს ტრეკი Reggaeton ჟანრში Vega-ს პირველი ექსპერიმენტია: არის ენერგიული, უჩვეულო ჰიპნოზური რიტმებით დატვირთული სიმღერა, რომელსაც ვოკალისტის უნიკალური ხმა კიდევ უფრო ამდიდრებს. ლირიკა დამოუკიდებლობაზეა, გადარჩენაზე და სიყვარულზე; ზედაპირულ, მაგრამ პროვოკაციულ ხედვებზე. მოკლედ, მოდით მოვუსმინოთ იმას, რაც ბევრისთვის 2025-ის ერთ-ერთ განმსაზღვრელ ჰიტად იქცა — Netón Vega – Loco!

91 | Hanumankind, ‘Run It Up’

91-ეა ტრეკი იმ არტისტისა, ვინც ბოლო წლების განმავლობაში რეგიონულ ინდურ და გლობალურ ჰიპ-ჰოპ სცენაზე საკუთარი ფიგურა მკაფიოდ დაამკვიდრა — Hanumankind. სინგლი ‘Run It Up’ გამოვიდა 2025-ის მარტში და არის ერთ-ერთი წამყვანი იმ კომპოზიციებიდან, რომელიც მოხვდა მის სადებიუტო მიქსტეიპზე Monsoon Season. ეს ჰიპ-ჰოპია, სადაც ენერგიული რიტმები და სასტარტო სიტყვები მაგალითად: „Run it up, the sun is up“ განასახიერებენ ბრძოლას, წინ წაწევის მცდელობებსა და მიზნებისკენ სწრაფვას. ტრეკი სავსეა კულტურული იდენტობის თემებით - აერთიანებს თანამედროვე ჰანგებს კლასიკურ, სამხრეთ-ინდურ მასობრივ ფოლკლორთან. კომპოზიციის თანმხლები ვიდეო მხატვრულად აერთიანებს მრავალფეროვან ინდურ ტრადიციებს, მათ შორის ეროვნულ საბრძოლო ხელოვნებათა ვიზუალურ გამოსახულებებს, რაც ხაზს უსვამს იმ ძალასა და მდგრადობას, რასაც Hanumankind მხოლოდ საკუთარ ხალხსა და საკუთარ თავში ხედავს.

90 | Kelsea Ballerini, ‘I Sit in Parks’

შემდეგი სიმღერა Kelsea Ballerini-ს ნაზი მახასიათებელია — I Sit in Parks - სივრცე, სადაც ყველაფერი ჩერდება: ხმაური, სიჩქარე, ყოველდღიურობაც კი… და რჩება მხოლოდ ერთი ადამიანი, რომელსაც სჭირდება სიჩუმე, რათა ბოლომდე შეიმეცნოს საკუთარი თავი. ვოკალისტი ძალიან ჩუმად, მაგრამ გულახდილად გვიმღერის მარტოობაზე, შეჩერებულ დროზე და იმ პატარა მოგონებებზე, სადაც საკუთარ გულსა და სულს უკან აბრუნებს.

89 | U.S. Girls, ‘Bookends’

საუკეთესო ასეულის 89-ე პოზიციაზე მყოფი კომპოზიციით დავასრულებთ დღეს “ფმ ფანტაზიების” სპეც-ეთერს. ეს არის არასტანდარტული აგებულების სინგლი ‘Bookends’, რომელიც ეკუთვნის ექსპერიმენტულ პოპ-პროექტს U.S. Girls-ს, რაც ერთი მუსიკოს-პროდიუსერის მეგან რემის სცენური ფსევდონიმია. 12-წუთიანი ეპიკური სინგლი მრავალჟანროვანია: ქანთრი, როკი, დისკო, ფოლკი და გოსპელი ერთ აუდიო სივრცეში. Bookends ალბომ Scratch It-ს გულია. მისი სტრუქტურაც, თემატიკა და ხანგრძლივობა, ალბომის მიზანს — პირადი მწუხარება, მეტაფორულად, განზოგადოებულ გრძობად გარდაიქმნას — უნიკალურად ახერხებს. კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ Scratch It შემსრულებლის ყველაზე შთამბეჭდავი ემოციური მწვერვალია.