დღეს ქვეყანას აქვს წამლის ხარისხის სრულყოფილი ლაბორატორია, ჩვენი მთავარი ამოცანაა, მოქალაქეებმა ხარისხიანი წამალი მიიღონ - ირაკლი ღარიბაშვილი

11 მაისი 2023, 18:37 1237 ნახვა

ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გავაკეთეთ. დღეს ქვეყანას აქვს სრულყოფილი წამლის ხარისხის ლაბორატორია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წამლის ხარისხის ლაბორატორიის დათვალიერების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გავაკეთეთ, რომელიც სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას, ხალხს. ეს არის ულტრათანამედროვე წამლის ხარისხის ლაბორატორია, რომელიც ქვეყანაში არსებობდა, მაგრამ არ იყო ასეთი დონის და ასეთი თანამედროვე. დაახლოებით 11 მილიონი ლარის ინვესტიცია განვახორციელეთ და შეიძლება ითქვას, დღეს ქვეყანას აქვს სრულყოფილი წამლის ხარისხის ლაბორატორია. რატომ არის მნიშვნელოვანი ეს ლაბორატორია.

ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვა. ჩვენ შარშან და უფრო ადრეც დავიწყეთ წამლის ხარისხის გაკონტროლება. ასევე, შემოვიღეთ სტანდარტები და ქვეყანაში მხოლოდ „ჯიემპის“ სტანდარტის წამლები, ანუ ხარისხიანი წამლები შემოდის ქვეყანაში, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ამას სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან ყოველდღიური თუ არა, სისტემატური კონტროლი. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ეს ლაბორატორია. შერჩევით შემოწმდება ყველა წამალი, რომელიც დღეს ბაზარზე არის ხელმისაწვდომი ჩვენი მოქალაქეებისთვის. ასე რომ, ჩვენი მთავარი ამოცანაა, ჩვენმა მოქალაქეებმა ხარისხიანი წამალი მიიღონ.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი გადაწყვეტილებები, რომლის შედეგადაც კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა წამლების შემოტანა. ასე ვთქვათ, მოხდა დივერსიფიკაცია. შემოვიდა ხარისხიანი „ჯიემპის“ სტანდარტის წამლები თურქეთიდან, სხვა ქვეყნებიდანაც, რამაც 60-70%-ით გააიაფა წამლების ფასები და ჩვენმა მოქალაქეებმა 200 მილიონი ლარი დაზოგეს. ასევე დავაწესეთ რეფერენტული ფასები. ჩვენ გვჭირდება თანამედროვე ლაბორატორიაც, ფასების კონტროლიც და მეტი მონიტორინგი. მაგალითად, ერთ-ერთი შემთხვევა იყო, პსპ-ს აფთიაქებში ონკოლოგიური პაციენტებისთვის მედიკამენტზე ფასი 300%-ით გაზარდეს, რაზეც სახელმწიფომ სასწრაფოდ მოახდინა რეაგირება. სამინისტრომ და ჩვენ აღვკვეთეთ ეს ფაქტი და დაუყოვნებლივ დაკორექტირდა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში