საქართველო ძალიან მიმზიდველი ქვეყანაა, აკმაყოფილებს ჩვენს სტანდარტებს - Central & Eastern Europe EDF-ის საერთაშორისო განყოფილების ვიცე-პრეზიდენტი

27 ოქტომბერი 2023, 18:34 1065 ნახვა

საქართველოს აქვს სუფთა ენერგიის გენერირების დიდი პოტენციალი, აქვს ჰიდრორესურსები და ასევე, შესაძლებელია ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის განხორციელებაც. შესაბამისად, ეს ქვეყანა ძალიან მიმზიდველია და აკმაყოფილებს ჩვენს სტანდარტებს, - ამის შესახებ Central & Eastern Europe EDF -ის საერთაშორისო განყოფილების ვიცე- პრეზიდენტმა, იან გუინარდიმ აბრეშუმის გზის ფორუმის პანელურ დისკუსიაზე - „საზღვაო სექტორი გარდამავალ ეტაპზე“ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.

მისი შეფასებით, საქართველოში მიმდინარე რეფორმები და პოლიტიკის სამი მნიშვნელოვანი ნაწილი განსაზღვრავს გადაწყვეტილებას, რომ ამ ქვეყანაში ჩაიდოს ინვესტიცია.

„გადაწყვეტილება, რომ შემოვიდეთ ამ ქვეყანაში და განვიხილოთ ინვესტიციები, სამი პოლიტიკის ინიციატივის კომბინაციის შედეგია: პირველი - ეს არის უწყვეტი ძალისხმევა, რომ განხორციელდეს რეფორმები და შეიქმნას ბიზნესისთვის კეთილმოწყობილი კონტექსტი, რამაც შედეგად მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა მოიტანა საცალო და მწარმოებელ ინდუსტრიაში. ასევე, შეიქმნა ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნა, რამაც ჩვენთვის ეს ბაზარი უკვე მიმზიდველი გახადა. მეორე - ეს არის სტრუქტურული რეფორმების განხორციელება ენერგეტიკის სექტორში. საქართველო არის ენერგეტიკული თანამეგობრობის წევრი და ევროკავშირის კანონმდებლობასა და რეგულაციებს ახორციელებს. ამ შემთხვევაში, მთავარი აქცენტი არის ენერგობაზრის გაფართოება. საქართველო აკმაყოფილებს ამ დინამიკას, ასევე არის ლიბერალიზებული ენერგობაზარი. ჩვენ მნიშვნელოვანი მაგალითები გვაქვს იმისა, რომ კერძო მოთამაშეებს აქვთ წვდომა ამ გენერაციის აქტივებზე და ეს სხვადასხვა ფორმით ხდება, - შეიძლება ეს იყოს პრივატიზება, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ან PPP, რომელიც არის კერძო და საჯარო პარტნიორობა. ამან საკმაოდ დადებითი სურათი შექმნა ჩვენთვის, რადგან ენერგეტიკის სექტორში ჩვენ გვყავს ადგილობრივი და საერთაშორისო მოთამაშეები“, - განაცხადა მან.

იან გუინარდის შეფასებით, არსებობს მესამე ფაქტორიც, რაც საქართველოს უცხოელი ინვესტორებისთვის მიმზიდველ ქვეყნად ხდის - ეს არის საქართველოს მიერ აღებული ვალდებულება ენერგოტრანზაქციის მიმართულებით, EDF-თვის. მისი განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლა.

„სწორედ აქ დავინახეთ, რომ საქართველოსაც აქვს აღებული ეს ვალდებულება. ასევე საქართველო არის პარიზის შეთანხმების მონაწილე ქვეყანა და აქვს კლიმატის სტრატეგია 2030 წლისთვის. ყოველივე ეს დადებით სიგნალებს გვაძლევს. სწორედ, ეს სამი პოლიტიკა არის განმსაზღვრელი, რომ შემოვიდეთ საქართველოს ბაზარზე და ჩავდოთ ინვესტიცია“, - აღნიშნა Central & Eastern Europe EDF -ის საერთაშორისო განყოფილების ვიცე- პრეზიდენტმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში