ვიმედოვნებთ, არჩევნები ჩატარდება უმაღლესი სტანდარტებით, გვექნება არა მხოლოდ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, არამედ ასეთივე საარჩევნო კამპანია - პაველ ჰერჩინსკი

15 თებერვალი 2024, 15:55 432 ნახვა

ჩვენ მხარს არ ვუჭერთ რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას, მაგრამ ის, რაც ჩვენ ნამდვილად გვაინტერესებს, არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ასევე თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი, ეს არის მეორე ნაბიჯი იმ ცხრა ნაბიჯიდან, რომელიც საქართველოს გადაეცა გასული წლის დეკემბერში, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ელჩის თქმით, სასიხარულოა, რომ საქართველოს მთავრობამ მიმართა ეუთოს/ოდირს არჩევნებისთვის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ჩამოსვლის თხოვნით.

„გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საარჩევნო კამპანია წარიმართება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ძალიან მიხარია, რომ გუშინ საქართველოს მთავრობამ მიმართა ეუთოს/ოდირს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოთხოვნით. ჩვენი წევრი ყველა ქვეყანა, რომელიც ეუთო-ს წევრია, მხარს დაუჭერს ამას, ასევე დავიწყეთ ევროკავშირის ქვეყნების ელჩების შეხვედრები პოლიტიკურ პარტიებთან. ჩვენი მიზანია შევხვდეთ ყველა მათგანს უახლოეს თვეებში, რათა ჩვენ, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ძალიან კარგად ვიყოთ ინფორმირებული საქართველოში ყველა პოლიტიკური პარტიის სხვადასხვა იდეების, სხვადასხვა საარჩევნო პროგრამის შესახებ“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ არჩევნები, არამედ საარჩევნო კამპანიაც წარიმართოს სამართლიან და თავისუფალ გარემოში.

ჰერჩინსკის კითხვა დაუსვეს საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე.

„ჩვენთვის ვენეციის კომისია არის უმაღლესი სტანდარტების დამდგენი, როდესაც საქმე ეხება სამართლებრივ გადაწყვეტილებებს.  გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ვენეციის კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციები სრულყოფილად იქნება შესრულებული. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ მომავალ კვირას ბრიუსელში დაგეგმილი ასოცირების საბჭოს სხდომაზე, რომლის თანათავმჯდომარეები ქართული მხარიდან იქნებიან პრემიერ-მინისტრი და ევროპული მხარიდან, უმაღლესი წარმომადგენელი, ვიცე-პრეზიდენტი და ევროკომისარი ვარჰეი. ასე რომ, საუბარი გრძელდება და ვიმედოვნებთ, ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია სათანადოდ იქნება შესრულებული, რადგან ვენეციის კომისია არის უმაღლესი სტანდარტების დამდგენი, როდესაც საქმე ეხება ასეთ საარჩევნო პროცესებს“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

მისივე განმარტებით, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა საკანონმდებლო და გადაწყვეტილების მიღების პროცესში უმნიშვნელოვანესია ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის, მათ შორის, საქართველოსთვის.

„გასულ წელს დისკუსიების ძალიან პოზიტიური პროცესი დაიწყო ხელისუფლებას, ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის. ჩვენ გვქონდა რამდენიმე შეხვედრა ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით, რომელიც დაკავშირებული იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმაზე. სამწუხაროდ, პლატფორმის შიდა განვითარების გამო, ზოგიერთმა დიდმა სამოქალაქო ორგანიზაციამ გადაწყვიტა, დაეტოვებინა პლატფორმა და ახლა საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, იპოვოს გზა, რომლითაც ყველა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია, პლატფორმა და ასევე ყველა სხვა, რომელმაც დატოვა პლატფორმა, ჩაერთვება და შეძლებს, მონაწილეობა მიიღოს საკანონმდებლო და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

ეს არის რიგით მეცხრე ნაბიჯი და ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ სამოქალაქო საზოგადოება, ყველა მისი განსხვავებული ფერითა და ფერებში, მაქსიმალურად იქნება ჩართული როგორც გადაწყვეტილების მიღების, ასევე საკანონმდებლო პროცესში“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში