რა აკრძალვები მოქმედებს არჩევნების დღეს

26 ოქტომბერი 2024, 08:29 272 ნახვა

დღეს კანონით დადგენილი მთელი რიგი აკრძალვები მოქმედებს. “საარჩევნო კოდექსის“ გათვალისწინებით, კენჭისყრის შენობაში წინასაარჩევნო აგიტაცია აკრძალულია. დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება. აღნიშნული მასალა ჩამოხსნას, დემონტაჟსა და აღებას ექვემდებარება.

დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. ასევე, დაუშვებელია კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა. აკრძალულია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევა, საარჩევნო სუბიექტის მიერ მისი წარმომადგენლის გამოწვევა ან შეცვლა.

აკრძალულია კენჭისყრამდე 8 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე ტელევიზიისა და რადიოს ეთერში ფასიანი და უფასო წინასაარჩევნო რეკლამის, საარჩევნო სუბიექტების პროგრამების განთავსება და გადაცემა, აგრეთვე საარჩევნო მიზნებისათვის ავტომატიზებული სატელეფონო ზარების განხორციელება და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა. აკრძალულია არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე, გარდა არჩევნების შესაძლო მონაწილეთა და დღეს არჩევნების მონაწილეთა რაოდენობისა.

კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად, აკრძალულია კენჭისყრის კაბინაში ფოტო და ვიდეო გადაღება. კენჭისყრის დროს აკრძალულია კენჭისყრის შენობის ჩაკეტვა, კენჭისყრის შეწყვეტა ან შეჩერება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არჩევნების საყოველთაოობის, თანასწორობისა და ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლენის უზრუნველყოფა შეუძლებელია.საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეებს არჩევნების წინასწარი შედეგების შესახებ განცხადების გაკეთება ეკრძალებათ, თუ ეს შედეგები სათანადო წესით არ არის გამოქვეყნებული ცესკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში