ოქტომბერში ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია

18 ნოემბერი 2024, 11:15 225 ნახვა

საქართველოს ეროვნული ბანკი ოქტომბრის თვის ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში წარმოდგენილია ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის შესახებ ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა გამოკითხვის ოქტომბრის თვის შედეგები, - ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

„როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით, ოქტომბერში სექტემბერთან შედარებით ერთწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია. ერთი მხრივ, დაკლებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების ზრდას 4%-6%-ის ფარგლებსა და 8%-ზე მეტად ფიქრობენ. მეორე მხრივ, მომატებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც სამომხმარებლო ფასების ცვლილებას ზრდის უფრო დაბალ ინტერვალში, 2%-4%-ის ფარგლებში, ელოდებიან.

ამავე გამოკითხვის მიხედვით, ოქტომბერში სექტემბერთან შედარებით სამწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები დაკლებულია. ერთი მხრივ, სექტემბერთან შედარებით, მკვეთრად შემცირებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო სამი წლის მანძილზე ფასების ცვლილებას 6%-8%-ის ზრდის ფარგლებში ელოდებიან. მეორე მხრივ, მომატებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას შედარებით დაბალი ზრდის ინტერვალში, 2%-4%-ისა და 4%-6%-ის ფარგლებში, ელოდებიან.

ამასთან, გამოკითხულთა აზრით, საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ზრდის მოლოდინი 1 წლიან პერიოდში მცირედით მომატებულია. კერძოდ, ოქტომბერში სექტემბერთან შედარებით მომატებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც საკუთარ პროდუქტზე ფასების მატებას 6%-8%-ის ზრდის ინტერვალსა და 8%-ზე მეტად ელოდებიან. ამავე დროს დაკლებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას შედარებით დაბალი ზრდის ფარგლებში, 4%-6%-ის მიდამოში ვარაუდობენ.

ამავე გამოკითხვის მიხედვით, ოქტომბერში სექტემბერთან შედარებით მოლოდინები ხელფასების ზრდაზე მომატებულია. კერძოდ, გაზრდილია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 10%-20%-ის ფარგლებში ელოდებიან. ამავე დროს, დაკლებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას კლების ინტერვალში, -10%-0%-ის ფარგლებში ფიქრობენ.

გამოკითხულთა აზრით, ოქტომბერში კომპანიაში წარმოებისათვის საჭირო რესურსების გამოყენების ეფექტიანობა (კომპანიის რესურსების რეალური გამოყენება, მაქსიმალურ გამოყენებასთან შედარებით) სექტემბერთან შედარებით შემცირებულია“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში