აცრები სავალდებულო იქნება, მაგრამ არა დასჯადი

20 სექტემბერი 2018, 00:00 6119 ნახვა

თინათინს სამი შვილი ჰყავს. ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული აცრები კი მხოლოდ ერთს, უფროს გოგონას გაუკეთა. მომდევნო ორზე კი თავი შეიკავა. ამბობს, რომ გვერდითი მოვლენები აშინებს.

მოსახლეობის ამ ნაწილს სახელმწიფო ეუბნება, რომ აცრები სასარგებლო და აუცილებელია. ამიტომ ვაქცინაციას სავალდებულოს ხდის. 

კანონპროექტში წერია, რომ სასწავლო/სააღმზრდელო პროცესის დაწყებისას იმუნიზაციის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა და  ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული აცრების მოთხოვნა სავალდებული იქნება.

გადაწყვეტილებას მოქალაქეების იმ ნაწილის პროტესტი მოჰყვა, რომლებიც აცრებს პირადი შეხედულებების გამო არ იკეთებენ. 

იდეის ავტორები ამბობენ, რომ ამგვარი მიდგომა ბევრს ქვეყანაშია დანერგილი. მაგალითად იტალიაში იმუნიზაციისგან თავის არიდების გამო სოლიდურ ჯარიმას იხდიან. გერმანიაში კი მშობელს უფლება აქვს უარი თქვას აცრაზე, თუმცა გადაწყვეტილება 2500 ევრო უჯდება, რომელსაც ჯარიმის სახით იხდის.  2017 წლიდან იმუნიზაცია სავალდებულოა ავსტრალიაშიც. აუცრელ ბავშვს ეკრძალება საბავშო ბაღსა და ბაგაში შესვლა. ოჯახს ეზღუდება სოციალური დახმარება. 

არის ქვეყნების ნაწილი, სადაც აცრები ნებაყოფლობითია. მათ შორის არის დიდი ბრიტანეთი, პორტუგალია, ბელგია. 

საქართველოს პარლამენტის წევრი და კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი ილია ნაკაშიძე ამბობს, რომ ინიციატივა სადამსჯელო ღონისძიებებს არ ითვალისწინებს და აუცრელი ბავშვების ოჯახის წევრების მიმართ სანქციები ვერ გატარდება. 

ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან განაცხადა, რომ წითელას ეპიდემია 90-იან წლებში აცრების ეროვნული კალენდარის ჩავარდნამ გამოიწვია. 

​''გარდა იმისა, რომ დღეს მინისტრი ვარ, მე ვარ პედიატრიც. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მართვადი ინფექციებისაგან ადამიანის დასაცავად ეს ერთადერთი საშუალებაა. 90-იან წლებში აცრების ეროვნული კალენდარი ჩავარდა და გარკვეულ კონტიგენტს წითელას აცრა არ გაუკეთებია. სწორედ ამ კონტიგენტში გვქონდა ეპიდემია'' - განაცხადა მინისტრმა.

აჭარაში მოქმედი სკოლებისა და ბაღების ნაწილში აცრის ჩატარების დამადასტურებელ დოკუმენტს დღესაც ითხოვენ, თუმცა მშობელს ამ ეტაპზე ვალდებულება არ აქვს მონაცემები დაწესებულებას აუცილებლად მიაწოდოს. 

ზაალ მიქელაძე ამბობს, რომ არც კანონში ცვლილების შეტანის შემდეგ იქნება მოთხოვნის შეუსრულებლობა დასჯადი. ეს მუხლი კანონპროექტში არ დევს. 

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა, ინიციატივას, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.  ''საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ‘’ შესახებ კანონში ცვლილებების საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში,  2019 წლის 1-ელი იანვრიდან  ყველა მშობელი და მეურვე ვალდებული იქნება, თავის შვილს მოქმედი ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული ვაქცინაცია ჩაუტაროს.  

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ 12 დაავადების წინაღმდეგ 10 ვაქცინა უნდა ჩატარდეს. 

მსოფლიოში ყოველწლიურად ინფექციური დაავადებებისაგან 14 მილიონი ადამიანი იღუპება. მათგან ნახევარზე მეტი 5 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვია.

ამავე კატეგორიაში