მოქალაქეების ხუთწლიანი უშედეგო ''ბრძოლა'' გარევაჭრობასთან  

30 ნოემბერი 2018, 00:00 6304 ნახვა

ნედლი თევზის სუნი, გადაყრილი ბოსტნეულის ნარჩენები, მზისგან გახუნებული ბრეზენტები, დახლებად ქცეული მიტოვებული ავტომობილები, დაზიანებული და ჩახერგილი საფეხმავლო გზა - ეს არის რეალობა, რომელსაც ყოველდღე ითმენენ მოქალაქეები, რომლებიც წერეთლის ქუჩაზე და მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობენ. ამ ყველაფერს დილის 6 საათიდან, ძლიერი ხმაურიც ერთვის. 

პრობლემა არ არის ახალი, თუმცა კიდევ უფრო მწვავეა, ვიდრე წლების წინ. პლაზას მიმდებარედ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებამ, უფრო კონტრასტული და შეუსაბამო გახდა არსებული რეალობა. 

'' ხუთი წელია წერეთლის, ესელიძისა და ბერიძის ქუჩაზე მცხოვრებლები ვითხოვთ გარე ვაჭრობის აკრძალვას. ვის არ მივმართეთ, უმაღლეს საბჭოს, აჭარის მთავრობას, ბათუმის მერიას, საკრებულოს,  მაგრამ ამ დრომდე ყურადღება არავინ არ მოგვაქცია. გამოუვალ მდგომარეობაში ვართ. ხამსას სეზონი მოვიდა, დგას საშინელი სუნი, არის ანტისანიტარია, დაბინძურებულია ქუჩები. ტურისტულ სეზონზე დამსვენებლები არ მოდიან.. ვის უნდა ასეთ სუნში და ხმაურში დასვენება. ვითხოვთ ხელისუფლებისგან ყურადღებას,'' - ამბობს ია ინწკირველი, რომელმაც სოციალურ ქსელში მოგვწერა. 

გარევაჭრობის აკრძალვა მერიის პრეროგატივაა. როგორ აპირებს ქალაქის თვითმმართველობა აღნიშნული პრობლემის მოგვარებას?

მუნიციპალური სერვისების განვითარების სამსახურში გვითხრეს, რომ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე კი მონიტორინგის ჯგუფები გარემოვაჭრეებს აფრთხილებენ, დაუმორჩილებლობის შემთვევაში აჯარიმებენ.

ინგა ჯაშის თქმით, უწყება სანიტარულ ღონისძიებებსაც ატარებს და ტერიტორიის გადარეცხვაც ხდება. 

​'' საკითხი მოგვარებაზე ქალაქის თვითმმართველობა მუშაობს, საკმაოდ დიდი პრობლემაა, არაერთხელ მოგვმართა მოქალაქეებმა, თუმცა გვიწევს მოვაჭრეების ინტერესის გათვალისწინებაც. ვისაც ნებართვა არ აქვს პირველ ეტაპზე ვაფრთხილებთ. ასევე ვთავაზობთ ალტერნატიულ სავაჭრო ადგილს, გოგოლის #1-ში მდებარე ბაზრობის ტერიტორიაზე, თუმცა ამ ეტაპზე მათი სურვილით ისინი არ გადადიან''. 

 

გოგოლის #1 გარემოვაჭრეებს გადასვლა, რამდენიმე თვის წინ შესთავაზეს, თუმცა მერიის წინადადება გარემოვაჭრეებმა არ მიიღეს. 

 

ამავე კატეგორიაში