სოციალური მუშაკების რაოდენობა გაიზრდება - დავით სერგეენკო

05 მარტი 2019, 00:00 1547 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წელს სოციალური მუშაკების რაოდენობა გაიზრდება. გრძელვადიან პერსპექტივაში კი, დაახლოებით 2025 წელს, ერთ სოციალურ მუშაკს 50 საქმეზე მეტი არ ექნება. 

დავით სერგეენკოს თქმით, სოციალური მუშაკების დამატება არ არის დამოკიდებული მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს კეთილ ნებასა ან შიდა გადაწყვეტილებაზე. მინისტრი ფიქრობს, რომ დასაქმებულებს შესაბამისი სამუშაო პირობებიც უნდა ჰქონდეთ. 

''2009 წელს სოციალური მუშაკების რაოდენობა იყო 171, ხოლო 2018 წელს მათი რაოდენობა 244-მდე გაიზარდა, 2019 წელს კი დაგეგმილია 50 მუშაკის დამატება და მათი რაოდენობის თითქმის 300-მდე გაზრდა.

რა ფუნქციებს ასრულებს დღესდღეობით სოციალური მუშაკი: ბავშვზე ოჯახში ძალადობის გამოვლენა, მათზე რეაგირება და შემდგომი ინტერვენციების გამოვლენა; მეურნეობის მზურველობის მხარდაჭერის საქმიანობა და მათზე ზედამხედველობა; ბავშვის შვილად აყვანასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება; სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვების ზედამხედველობა; დამცავი და შემაკავებელი ორდერების და სხვა საკითხებთან დაკავშირებულ სასამართლოში პროცესებში მონაწილეობა. არასრულწლოვანთა დაკითხვის პროცესში მონაწილეობა. ოჯახური დავების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება; ფულადი და არაფულადი დახმარების საკითხში მონაწილეობა და ამ საკითხთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება, როგორიც არის ოჯახებთან გასაუბრება, სერვისების მიღებაში დახმარება და სხვა; ეს არის მოკლე და საკმაოდ მშრალი ჩამონათვალი იმ აქტივობების, რასაც ახორციელებენ სოციალური მუშაკები'' - ამბობს დავით სერგეენკო. 

მინისტრის ინფორმაციით, სოციალური მუშაკების საჭიროებების შესასწავლად შეიქმნა სპეციალური საბჭო, რომლის მთავარ მიზანსაც კომუნიკაციის და უკუკავშირის ეფექტური სისტემის შექმნა წარმოადგენს.

სოცმუშაკების პროტესტი მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო. 200-მდე დასაქმებულმა  8 თებერვალს, წინასაგაფიცვო პროცესი დაიწყო. სოციალური მუშაკები სახელმწიფოსგან პროგრამების დაუყოვნებლივ რეფორმირებას მოითხოვენ. ამბობენ, რომ სისტემაში იმდენად ცოტა ადამიანი მუშაობს, რომ ვერ ახერხებენ არსებულ გამოწვევებს გაუმკლავდენენ. მათ ინდივიდუალურად არ ემსახურებათ ავტომობილი, მიუხედავად იმისა, რომ ერთ სოცმუშაკს ათობით ბენეფიციარი ჰყავს.

როგორც ცნობილი გახდა, 50 ახალი სოცმუშაკიდან აჭარაში მხოლოდ ორი იმუშავებს. ამ ეტაპზე კი რეგიონში 19 აგენტია დასაქმებული. აქედან ბათუმში 12, ქობულეთში ორი, ხელვაჩაურში ასევე ორი, ხოლო ქედაში, შუახევსა და ხულოში კი თითო-თითო სოცმუშაკი მუშაობს.  

ამავე კატეგორიაში