ეს არის სამწუხარო გაუგებრობა და აბსურდი - მერაბ ხალვაში უკრაინის მთავრობის სანქციებზე 

21 მარტი 2019, 00:00 2822 ნახვა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისთვის გაუგებარია რატომ დაუწესა უკრაინის მთავრობამ სანქციები. მერაბ ხალვაში ამბობს, რომ უკრაინაში არასდროს ყოფილა. უნივერსიტეტის რექტორი აპირებს განმარტებისთვის უკრაინაში საქართველოს საელჩოს და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართოს. 

მერაბ ხალვაში იმ 848 ფიზიკურ პირს შორის აღმოჩნდა, რომლებსაც ქვეყნის საწინააღმდეგო სხვადასხვა სახის მოქმედებისთვის უკრაინამ აკრძალვები დაუწესა. 

''კითხვითი ნიშნები მაქვს, იმედს ვიტოვებ, რომ გაუგებრობაა. უნივერსიტეტი ამზადებს წერილს, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაეგზავნება, ასევე უკრაინაში საქართველოს საელჩოს. სამწუხაროდ არასოდეს ვყოფილვარ უკრაინაში და მართლა გაუგებარია რას უკავშირდება. ერთადერთი 2017 წელს მე როგორც მეცნიერს, როგორც მკვლევარს და არქეოლოგს  მომივიდა მოწვევა, რომ სევასტოპოლში ტარდება შავი ზღვის აუზის ანტიკური პერიოდის კვლევები. როგორ ჩანს მათ ნახეს ის კვლევები, რომელიც მე მქონდა გამოცემებში გამოქვეყნებული. მე არა თუ წავედი მოხსენებაც  კი არ გამიგზავნია. ეს არის ძალიან სამწუხარო აბსურდი. მინდა დავადასტურო ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულება უკრაინის მიმართ. თითოეული მოქალაქის მიმართ. ჩვენს უნივერსიტეტს უკრაინის დაახლოებით 27 უნივერსიტეტთან აქვს ურთიერთობა, მუშაობს გაცვლითი პროგრამები. პირადად მე განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს ყველა მათგანთან'' - უთხრა აჭარის მაუწყებელს მერაბ ხალვაშმა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში ამბობენ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არავითარი ოფიციალური წერილი და შეტყობინება არ მიუღია.

''უკრაინაში საქართველოს საელჩოს, ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არავითარი ოფიციალური წერილი და შეტყობინება არ მიუღია. მიუხედავად ამისა, უკრაინაში საქართველოს საელჩომ მოახდინა დაუყოვნებლივ რეაგირება აღნიშნულ თემაზე, დაუკავშირდა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს. მიმდინარეობს აღნიშნულ საკითხზე მუშაობა'' - განმარტავენ საგარეო უწყებაში. 

​სანქციების დაწესების შესახებ ინფორმაცია დღეს ''რადიო თავისუფლებამ“ გაავრცელა. მასალაში სანქციების რამდენიმე მიზეზია დასახელებული: ''ქერჩის ხიდის მშენებლობაში მონაწილეობა“, „ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფსევდოარჩევნების ორგანიზების ჩატარება და ხელშეწყობა“, „ანტიუკრაინული შინაარსის გამოცემების გავრცელება“, „ყირიმში უკანონოდ ჩასვლა“, „უკრაინის კუთვნილი სამუზეუმო კოლექციის უკანონოდ მიღება და გამოყენება“.

სანქცირებულთა სიაში მოხვდა ასევე, ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის მეცნიერ-თანამრომელიც. აჭარის მაუწყებელი ამ ეტაპზე მირანდა თურმანიძეს ვერ დაუკავშირდა, მას მობილური ტელეფონი გამორთული აქვს. 

ამავე კატეგორიაში