მიწისქვეშ ქვებით ნაგები სახლები და აბრეშუმის გზის მონაკვეთი - ბეშუმში აღმოჩენილი ნასახლარი

08 აპრილი 2019, 00:00 5753 ნახვა

კურორტ ბეშუმში, ტყიდან ადიგენის მიმართულებით 10 კილომეტრიან რადიუსზე, არქეოლოგებმა მიწისქვეშა ნამოსახლარის ორი სენაკი გათხარეს. საცხოვრებლების ერთი მონაკვეთი მე-11 მე-13 საუკუნეებით თარიღდება, რომელიც მიწის ქვეშ მონოლითური და დამუშავებული ქვებითა არის ნაგები. "მიწის ქვეშ, ქვით ნაშენი ნასახლარი იყო ერთგვარი ცენტრი, სადაც აბრეშუმის გზა გადიოდა," - ფიქრობენ სპეციალისტები. 

არქეოლოგიური სამუშაოები ბათუმის უნივერსიტეტის მკვლევარებმა განახორციელეს. ამ ტერიტორიაზე, როგორც სპეციალისტები ამბობენ, დაზვერვითი სამუშაოები ​ჯერ კიდევ 1930-იან წლებში ჩატარდა, მოგვიანებით 1990-იან წლებშიც განხორციელდა სამუშაოები, თუმცა, ძირითადად, ზედაპირული ხასიათის მოკვლევები ჩატარდა. 2018 წელს კი, პირველად დაიწყო გოდერძის უღელტეხილის  ეთნოარქელოგიური შესწავლა.

"ჩვენს მიერ მიმოხილული ნამოსახლარების ერთი მონაკვეთი XI-XIII საუკუნეებით თარიღდება და ბეშუმის ტყიდან ადიგენამდე სივრცეს მოიცავს, დაახლოებით ათი კილომეტრის ფარგლებში, რაც, დამეთანხმებით, საკმაოდ დიდი ტერიტორიაა. არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული არტეფაქტები იმდროინდელი ცხოვრების წესის რეკონსტრუქციის საშუალებას იძლევა. არქეოლოგები არ არიან განებივრებულნი ისე, რომ თითქმის მთლიანი სახით ხშირად მიაკვლიონ ძველი ადამიანის საცხოვრებლები, ისიც მიწის ქვეშ – მიწური ტიპის დარბაზებების სახით" - წერს პროფესორი ნუგზარ მგელაძე უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდზე. 

ამ ეტაპზე, დაზუსტებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ბეშუმში  „ციკლოპური” იერსახის სამოსახლო კომპლექსი იყო, რომელიც მიწის ქვეშ მონოლითური და დამუშავებული ქვებით იყო ნაგები. ასეთი სამოსახლოები არამარტო სოციალური ჯგუფის საყოფაცხოვრებო ბინადრობას, არამედ მათ თავდაცვასაც უზრუნველყოფდა. 

"გათხრების შედეგად მოვიპოვეთ საოჯახო-საყოფაცხოვრებო ხასიათის ნივთები, მათ შორის, კერამიკული კეცები, გამოვლინდა კერა და თონე, ასევე, აღმოვაჩინეთ რელიგიური – სარიტუალო დატვირთვის მქონე მასალები. ლაბორატორიული ანალიზისთვის ავიღეთ მიწის სინჯები და მივიღეთ ბრწყინვალე შედეგები. გამოვლინდა უძველესი ხორბლეულის ენდემური ჯიშები, რის მეშვეობითაც შეიძლება დავასკვნათ, რომ ადამიანები იქ მუდმივად ცხოვრობდნენ. იმ დროს მოსახლეობა მეურნეობას, როგორც ჩანს,  სიმბიოზურად წარმართავდა და დაკავებული იყო მესაქონლეობით, მიწათმოქმედებითა და წვრილფეხა ცხოველებზე ნადირობით. საექსპედიციო მუშაობის პერიოდში მივაგენით „აბრეშუმის გზის” მონაკვეთს, რომელიც სწორედ ბეშუმის ნამოსახლარზე გადიოდა" - წერს მკვლევარი. 

მუშაობის პერიოდში მივაგენით „აბრეშუმის გზის” მონაკვეთს, რომელიც სწორედ ბეშუმის ნამოსახლარზე გადიოდა. ​როგორც პროფესორი ნუგზარ მგელაძე განმარტავს, აჭარისწყალსა და ქვაბლიან-ფოცხოვის ხეობებზე გამავალი სავაჭრო-სატრანზიტო გზა, სამხრეთ კავკასიაში ძველთაგანვე ცნობილი „აბრეშუმის გზის” ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განშტოება იყო, ხოლო ბეშუმის ძველი ნამოსახლარები, ამ გზის სიცოცხლისუნარიანობის აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენდა.

"გოდერძის უღელტეხილზე გამავალი ძველი გზა დიდი სატრანზიტო კომუნიკაციის ნაწილს შეადგენდა, კერძოდ, საუღელტეხილო გადასასვლელი აჭარისწყლის ხეობით ერთმანეთს მტკვრის ხეობის მოსახლეობას (ქართლი, თრიალეთის ზეგანი) შავიზღვისპირეთის რეგიონებთან აკავშირებდა. საქართველოში სავაჭრო–საქარავნო გზებს უძველესი დროიდანვე სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა ჰქონდა. ​ბეშუმის ნამოსახლარების დანიშნულება კი მრავალმხრივი უნდა ყოფილიყო. ძირითადად ეს იყო სტრატეგიული მეტალურგიული ცენტრების, მაგისტრალური გზის დაცვისა და სავაჭრო ურთიერთობების საჭიროებათა უზრუნველყოფა. თავის მხრივ, სავაჭრო გზაც, ბუნებრივ პირობებთან ერთად, მუდმივი დასახლებისათვის აუცილებელ საარსებო მოთხოვნებს პასუხობდა.

უნივერსიტეტმა კვლევები მოპოვებული გრანტის მეშვეობით განახორციელეს, მკვლევარები სამუშაოების გაგარძელებს 2019 წელსაც გეგმავენ. უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ წერილში ნათქვამია, რომ 2020 წლიდან 5 წლიანი სამუშოები სახელმწიფოს ფინაანსებით განხორციელდება. "ძეგლების ეთნოარქეოლოგიური შესწავლის შემდეგ კი, მეორე ეტაპი დაიწყება, რომელიც ნამოსახლარების სათანადო დონეზე კონსერვაციასა და  სარესტავრაციოდ მომზადებას გულისხმობს. უნდა შეიქმნას წარსულში არსებული ნაქალაქარებისა და სათემო დასახლებების ღია ცის ქვეშ მუზეუმ-ნაკრძალი. ბეშუმის წიწვოვან ტყეში და, საერთოდ, გოდერძის უღელტეხილის არეალში ყველა პირობა არსებობს, რათა სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში მოღვაწე ჩვენი წინაპრების ცხოვრების ნაკვალევი გავაცოცხლოთ. დადგება დრო, როცა წლის ნებისმიერ სეზონზე მათი ხილვა და დათვალიერება ყველას შეეძლება, ეს არ გახლავთ ტიპური -  მხოლოდ სამეცნიერო ხასიათის არქეოლოგიური გათხრები და საველე თუ კაბინეტური ეთნოლოგიური კვლევები, რადგან იგი ეკონომიკური სარგებლის თვალსაზრისით თანამედროვეობასთან მჭიდრო კავშირშია და ისეთი მნიშვნელოვანი სფეროს განვითარებას ემსახურება, როგორიც ტურიზმია"  - წერია უნივერსიტეტის მიერ ამ თემაზე გამოქვეყნებულ სტატიაში.

ამავე კატეგორიაში