ყოველღამე გვაღვიძებს ფეიერვერკების ხმა, რატომ არავინ აკონტროლებს ამ სიტუაციას - მოქალაქის წერილი

19 ივნისი 2020, 13:09 3170 ნახვა

შეზღუდვების მოხსნასთან ერთად, ბათუმში იმატა ღამით ფეიერვერკების აფეთქების გამო შეწუხებული მოქალაქეების რაოდენობამ.

კანონმდებლობით, ღამის 23:00-დან დილის 8:00 საათამდე პიროტექნიკის გამოყენება აკრძალულია.

ადგილობრივების ნაწილი ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ, თითქმის ყოველდღე, 24 საათის შემდეგ უბანში ფეიერვერკებს აფეთქებენ.

"ერთეული შემთხვევები რომ იყოს,  კიდე არაფერს ვიტყოდით, მაგრამ ეს თითქმის ყოველდღიურად ხდება. გვიან ღამით გვაღვიძებს ფეიერვერკების ხმა, გვესმის, რომ ზაფხულია, სეზონია, მაგრამ სახლში უმეტესობას გვყავს პატარა ბავშვები. საინტერესოა,  რატომ არავინ აკონტროლებს ამ სიტუაციას. ფაქტია, რომ კონტროლი უჭირთ. თუ ასე გაგრძელდა,  შეიძლება სხვა ფორმასაც მივმართოთ, რადგან ეს ერთი ან ორი ადამიანის წუხილი არ არის"- ამბობს აჭარის მაუწყებელთან საუბრისას ერთ-ერთი ადგილობრივი.

ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის  სამსახურში, რომელსაც მსგავს ფაქტებზე რეაგირება ევალება, აცხადებენ, რომ მთავარ სირთულეს კანონმდებლობის დამრღვევი პირების იდენტიფიცირება წარმოადგენ.

ნუგზარ ცეცხლაძის განმარტებით, შეტყობინების საფუძველზე ხდება ადგილზე გასვლა, თუმცა თუ ფაქტს ვერ მიუსწრეს ან იდენტიფიცირება ვერ მოხდა კანონმდებლობის თანახმად სამსახური ვერ რეაგირებს.

"ცხელი ხაზი ფუნქციონირებს 24 საათის განმავლობაში. პიროტექნიკის დაუშვებელ დროს გამოყენების შემთხვევაში თუ სამსახურში შეტყობინება შემოვიდა, სპეციალური ჯგუფი გადის ადგილზე, იწყებს საქმის მოკვლევას, რის შემდეგადაც ხდება შესაბამისი ოქმის შედგენა. თუ პირის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება, რაც ფიზიკური პირების შემთხვევაში მთავარი სირთულეა, შესაბამისად,  ვერც საჯარიმო სანქციებს ვწერთ.

 

მთავარი ამ დროს მოქალაქეთა აქტიურობაა. მოვუწოდებ მათ,  მსგავსი ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში დარეკონ ცხელ ხაზზე: 598 85 15 20. წელს პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებით მუნიციპალური ინსპექციის  სამსახურში შეტყობინება არ შემოსულა.

 

შედარებით მარტივია რეაგირება იურიდიული პირების შემთხვევაში, ამ დროს ხდება კანონმდებლობის დამრღვევი ობიექტის დაჯარიმება. ჩვენ მათ წინასწარ ვაფრთხილებთ, რომ ღამის 23:00 დან დილის 8:00 საათამდე პიროტექნიკის გამოყენება დაუშვებელია"- აცხადებს აჭარის მაუწყებელთან "მუნიციპალური ინსპექციის"  გარემოს დაცვითი და სანიტარიული ზედამხედველობის განყოფილების უფროსი ნუგზარ ცეცხლაძე. 

უწყებაში აცხადებენ, რომ სამშენებლო და კვების ობიექტებიდან ხმაურის გადაჭარბებაზე წელს უკვე შევიდა 42 შეტყობინება. სულ 9 ოქმი შედგა, 8 შემთხვევაში მათ გაფრთხილება მიეცათ, ერთ შემთხვევაში კი ობიექტი დაჯარიმდა.

კანონმდებლობით, დღისა და ღამის საათებში სხვადასხვა შენობის აკუსტიკური ნორმების გადამეტებისთვის იურიდიული პირები 500 ლარით დაჯარიმდებიან, განმეორების შემთხვევაშ 1000 ლარით. ფიზიკური პირი  50, განმეორების შემთხვევაში კი 300 ლარით დაჯარიმდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში