მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფა და მათი რაციონალური გამოყენების ხელშეწყობა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია - ზურაბ აზარაშვილი

11 მაისი 2022, 16:25 957 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის თქმით, ორ თვეში 100 000-ზე მეტმა მოქალაქემ შეიძინა თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები და 50 მილიონის ნაცვლად, 15 მილიონი ლარია გადახდილი. ამის შესახებ მან პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში საუბრისას განაცხადა.

„დღეს საქართველოს სააფთიაქო ქსელებში ხელმისაწვდომია თურქეთიდან იმპორტირებული 400-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი, რომელთა რაოდენობა ყოველდღიურად მზარდია. მიმდინარე წლის მარტი-აპრილის თვეებს თუ შევაჯამებთ, ამ თვეების განმავლობაში 100 000-ზე მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ შეიძინა უკვე თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები და ძველი ფასებით, 50 მილიონი ლარის ნაცვლად გადაიხადა, დაახლოებით 15 მილიონი ლარი. შესაბამისად, მხოლოდ ამ ორ თვეში, სახეზე გვაქვს მნიშვნელოვანი დაზოგვა. რაც შეადგენს 35 მლნ ლარამდე თანხას“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა .

ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ თურქეთის ფარმაცევტული ბაზრის გახსნა, მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით, ერთ-ერთ წარმატებული ნაბიჯი იყო.

მისივე თქმით,  საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფა მათი უმთავრესი პრიორიტეტია. სწორედ ამ პრიორიტეტიდან გამომდინარე, 2022 წლის ბოლომდე ყველა ადგილობრივ მწარმოებელს დაევალა კარგი საწარმოო პრაქტიკის – GMP სტანდარტზე გადასვლა.

„ქვეყანაში მიმოქცევაში არსებული მედიკამენტების ხარისხის დამატებითი რეგულირების მექანიზმების უზრუნველყოფისთვის, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს წამლის ხარისხის ლაბორატორიის მოწყობა, რომლის აღჭურვილობის შესყიდვა დასრულებულია. ჩვენი პროგნოზით, 2022 წლის ბოლოს, ქვეყანას ექნება გამართული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ეროვნული ლაბორატორია, რომლის საშუალებით შესაძლებელი გახდება მიმოქცევაში არსებული ფარმაცევტული პროდუქტების ხარისხის შემოწმება, რაც დღეს არსებული რესურსების ფარგლებში მხოლოდ მედიკამენტების მცირე რაოდენობას მოიცავს“, – აღნიშნა ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

მინისტრის განმარტებით, ფარმაცევტული პროდუქტების ხარისხის და ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასთან ერთად, პრიორიტეტად განისაზღვრა მედიკამენტების რაციონალური გამოყენების ხელშეწყობა.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გადავედით მექანიზმზე, რომელიც ითვალისწინებს რეცეპტში მედიკამენტის არა ბრენდული, არამედ გენერიკული დასახელებით გამოწერას. ხოლო ფარმაცევტებისთვის გაჩნდა ვალდებულება, პაციენტს შესთავაზონ გამოწერილი გენერიკული მედიკამენტის შესაბამისი სამი ყველაზე იაფი სავაჭრო დასახელების პროდუქტი ე.წ პოზიტიური სიიდან. ამ სიაში მედიკამენტები შესულია სხვადასხვა კრიტერიუმის შესაბამისად, რომლებიც მედიკამენტების ხარისხის სტანდარტებს და ეროვნულ კანონმდებლობასთან შესაბამისობას ადასტურებს“, – განაცხადა მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში