სამოქალქო თავდაცვის ობიექტები ქობულეთის მუნიციპალიტეტში - მათი წარსული და დღევანდელობა

08 ივნისი 2022, 13:27 1398 ნახვა

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, საბჭოთა კავშირის მასშტაბით და მათ შორის საქართველოშიც, აქტიურად მიმდინარეობდა სამოქალაქო თავდაცვის ობიექტების მშენებლობის პროცესი.

იმ პერიოდში აშენებულ თითქმის ყველა შენობას მიწისქვეშა თავშესაფარი ჰქონდა, რომელსაც ამჟამად სარდაფის და სურსათ-სანოვაგის შესანახად იყენებენ მოქალაქეები. ზოგი მათგანი კი, დროსა და სივრცეში უკვალოდ გაქრა.

დღეს, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, მსგავსი ობიექტების  საჭიროებაზე და მის დანიშნულებაზე აქტიურად საუბრობს საზოგადოება და დარგის ექსპერტები.

ისინი მიიჩნევენ, რომ  სამოქალაქო თავდაცვის ობიექტის არსებობა, საჭირო და აუცილებელი პირობა უნდა იყოს ქვეყნისთვის, მაშინ როცა, რუსეთ-უკრაინას შორის საომარი ვითარება მიმდინარეობს.

საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე ჩვენ დავინტერესდით აჭარის რეგიონში, კერძოდ კი, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ყოფილი სამოქალაქო თავდაცვის ობიექტების მდგომარეობის შესახებ. გაირკვა რომ აჭარის მასშტაბით, მოცულობით ყველაზე დიდი სამოქალაქო თავდაცვის ობიექტი, სწორედ ქობულეთის მუნიციპალიტეტში იყო აშენებული.

იყო თუ არა მუნიციპალიტეტში სამოქალაქო თავდაცვის ობიექტები და რატომ  გახდა დღეს  მათი არსებობა აუცილებელი და საჭირო?

ქალაქ ქობულეთის ყოფილი გამგებელი, ტარიელ ვერულიძე ამბობს რომ, დღევანდელმა ვითარებამ, რომელიც უკრაინა-რუსეთს შორის მიმდინარეობს, კიდევ ერთხელ  კარგად დაგვანახა, რომ საჰაერო განგაშის დროს, სამოქალაქო თავდაცვის ობიექტების არსებობა აუცილებელია.

„როგორც  ირკვევა, მსგავსი ობიექტი მუნიციპალიტეტში არ არის შემორჩენილი. ის რომელიც შემორჩენილია ამორტიზებულია და შეუძლებელია მას თავშესაფარი ეწოდოს. სამოქალაქო თავდაცვის ობიექტებმა 90-იან წლებში სრულად შეწყვიტა ფუნქციონირება, ისინი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაიძარცვა და დაკარგა დანიშნულება. ქობულეთის მერიის შენობის ქვემოთ 60კვ.მ მიწისქვეშა სივრცე არსებობს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ე.წ. ბუნკერისთვის იყო გათვლილი, სადაც დაახლოებით 200 ადამიანი ეტეოდა. დღეს ის ჩახერგილია.

ასევე სოფელ ბობოყვათის ეგრეთწოდებული გეოს შენობას  სამოქალაქო თავდაცვის ობიექტის ფუნქცია ჰქონდა, რომელიც მხოლოდ უმაღლესი საჯარო პირებისთვის იყო განკუთვნილი. მსგავსი რამდენიმე ობიექტი ქალაქის ტერიტორიაზეც იყო მოწყობილი. მაგალითად შეგვიძლია გავიხსენოთ, თავისუფლების ქუჩაზე,  იქ სადაც დღეს სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის შენობა დგას, არსებობდა მიწისქვეშა თავშესაფარი, რომელსაც საომარი ვითარებების დროს სწორედ თავშესაფრის დანიშნულება ჰქონდა“-აცხადებს ტარიელ ვერულიძე.

მისივე თქმით, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტის დასაცავად და ზედამხედველობისთვის, სპეციალური შტატიც იყო შექმნილი, რომელსაც მუნიციპალიტეტში სამხედრო განყოფილების უფროსი მეთვალყურეობდა.

 „ე.წ  გეოს შენობა აჭარის რეგიონში სიდიდით და მასშტაბურობით, იმ დროის, ყველაზე დიდ სამოქალაქო თავდაცვის ობიექტად ითვლებოდა. ნაგებობის მიწის ქვეშ  5 სართული იყო, რომელიც მარმარილოს ქვისგან იყო მოპირკეთებული. საკონფერენციო დარბაზი, მოსასვენებელი ოთახები, სპეციალური, შიდა და გარე სავენტილაციო სისტემებით იყო აღჭურვილი. ასევე კავშირგაბმულობისთვის, შიდა და გარე ხაზები იყო შეყვანილი. ობიექტს საბჭოთა კავშირის დროს, სტრატეგიული დანიშნულება ჰქონდა, რომლის შიდა პერიმეტრი ყველაზე გასაიდუმლოებულ ადგილად ითვლებოდა,“- ამბობს ვერულიძე.

რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მიწისქვეშა თავშესაფრები შევინარჩუნოთ და როგორი ვითარება იყო ამ კუთხით მუნიციპალიტეტში?

ქალაქ ქობულეთის საბჭოს ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ ბეჟანიძე ამბობს, რომ მსგავს სტრატეგიული სახის ობიექტებს სახელმწიფო უნდა უვლიდეს და პატრონობდეს, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ პრიორიტეტად აღარ ითვლება.

„ბავშვებს, სკოლებში არც სამოქალაქო თავდაცვის და არც უსაფრთხოების წესებს არ ასწავლიან,  აღნიშნული მხოლოდ  საომარი ვითარებების დროს არ უნდა გამოიყენო, არამედ ზოგადად საჭიროა ამის ცოდნა. დღეს, როცა რუსეთ-უკრაინის ომი მიმდინარეობს,  დიდი ინტერესი გაჩნდა სამოქალაქო თავდაცვის ობიექტების საჭიროებაზე, რომელიც სამწუხაროდ წლებია არავის არ გახსენებია. ცივილიზებულ ქვეყნებში ეს მიმართულება საკმაოდ კარგადაა მოწესრიგებული“-აცხადებს ზურაბ ბეჟანიძე.

რატომ არ ითვლება ქვეყნისთვის პრიორიტეტად  სამოქალაქო თავდაცვის ობიექტების არსებობა და როგორი ვითარება გვაქვს დღეს ამ კუთხით? ექსპერტი, ჰიბრიდული ომების მკვლევარი  დავით ძიძიშვილი ამბობს, რომ სამოქალაქო თავდაცვის ინფრასტრუქტურა არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი.

„ თუ კი, ჩვენ ჩავთვლით, რომ ჩვენს ქვეყანას მეზობელი სახელმწიფოდან, კონკრეტულად რუსეთიდან, საფრთხე ემუქრება და ეს საფრთხე რეალურია, მაშინ სამოქალაქო თავდაცვის ინფრასტრუქტურის გარეშე შეუძლებელია გადარჩენა, მით უფრო, ისეთ ომებში როგორსაც აწარმოებს რუსეთის ფედერაცია.

ზოგადად დასავლური სახელმწიფოები უპირატესობას ანიჭებენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მოწყობას ქვეყნებში, რომელიც საომარი ვითარებების დროს აუცილებელად გამოიყენება თავშესაფრისთვის. წარსულის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ რუსეთი ყოველთვის სამოქალაქო თავდაცვის ობიექტებზე ცდილობს მიიტანოს იერიში. თავშესაფრები, გარდა იმისა რომ საომარი ვითარების დროს გვიცავს, ასევე აუცილებელია სტიქიური ვითარებების დროსაც არსებობდეს.

მოვა დრო და დადგება ამის საჭიროებაც. იმის თქმა, რომ თავშესაფრები არის საბჭოთა გადმონაშთი, ეს არის არასწორი მიდგომა და უცოდინრობა. მაგალითად ევროპის და სკანდინავიის ქვეყნები რომ ავიღოთ, დავინახავთ რომ სამოქალქო თავშესაფრები ყველაზე კარგად აქვთ მოწესრიგებული, სადაც უსაფრთხოება და თავდაცვა არის ერთ-ერთი პრიორიტეტი მათთვის. საზოგადეობის ნაწილს ჰგონია ამ მიმართულებაზე ზრუნვა არის ტყულად ფულის გადაყრა, რაც არასწორია.“-აცხადებს ძიძიშვილი.

ექსპერტი ამბობს, რომ ეს საკითხი პრიორიტეტული უკრაინაში მიმდინარე საომარი ვითარების გამო გახდა.  ადამიანები დაფიქრდნენ, დასვეს კითხვა - ომის დაწყების შემთხვევაში სად შეიძლება მოსახლეობამ შეაფაროს თავი.

მისივე თქმით, ჩვენ გვაქვს, 2008 წლის ომის გამოცდილება, როცა რიგითი მოქალაქეების დიდი ნაწილი სოფლებში გაიხიზნენ, იმიტომ რომ სამოქალაქო თავდაცვის ობიექტები უბრალოდ არ გვქონდა.

„განგაშის დროს, აუცილებელია ხმოვანი გაფრთხილების სისტემების არსებობა, რომელიც არ გვაქვს. სამოქალაქო თავდაცვის ინფრასტრუქტურა არ არის მარტო თავშესაფარი, ესაა უპირველეს ყოვლისა გაფრთხილების უზარმაზარი სისტემა...

სახელმწიფოს, პოლიტიკის დონეზე, რომ ჰქონდეს მსგავსი საკითხის მოგვარება დაწყებული, უპირველესად საჭიროა აღწერის გაკეთება და ზუსტად განსაზღვრა, რა სად მდებარეობს და როგორ მდგომარეობაშია დღეს.  შემიძლია ცალსახად ვთქვა, რომ დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, უბრალოდ არ გააჩნია სტატისტიკური მონაცემები და არ არის აღწერა ჩატარებული, თუ რომელ უწყების ბალანსზეა და რამდენი სამოქალაქო თავდაცვის ობიექტი არსებობს ქვეყანაში - ერთიანი ბაზა არ არსებობს.

უნდა განისაზღვროს პასუხისმგებელი უწყება და კონკრეტულად დადგინდეს, რომელია სახელმწიფო ბალანსზე არსებული ობიექტი და რომელია კერძო პირზე გასხვისებული“-აცხადებს ექსპერტი.

რამდენი სამოქალაქო თავდაცვის ობიექტი არსებობდა მუნიციპალიტეტში ?

ამ კითხვით ჩვენ  ოფიციალური წერილით მივმართეთ ქობულეთის მერიას. საპასუხოდ კი მერიამ  მოგვწერა, რომ ამ სახის ინფორმაცია ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში დაცული არ არის. გვითხრეს, რომ დამატებით სხვადასხვა ორგანოს მიმართეს და  მიმდინარეობს აღნიშნული ინფორმაციის მოძიება, თუმცა ინფორმაცია დღემდე არ მიგვიღია.

ასევე დავუკავშირდით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს. უწყების პრესსამსახურმა სიტყვიერად გვიპასუხა, რომ ოფიციალურ ინფორმაციას, მუნიციპალიტეტში  ყოფილი სამოქალქო თავდაცვის ობიექტების შესახებ თავდაცვის სამინისტრო არ ფლობს და საკითხში გასარკვევად, მუნიციპალიტეტში გადაგვამისამართა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში