„ჩემი ხმა“ 246 საარჩევნო უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვს

30 ოქტომბერი 2024, 15:56 269 ნახვა
 

სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“ საარჩევნო უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვს. სადამკვირვებლო მისიამ 29 საარჩევნო ოლქში წარადგინა საჩივრები 246 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობის მოთხოვნით, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა შეადგენს 417 305. საჩივრები დაწერილია უბნებზე იდენტიფიცირებული ისეთი ხასიათის დარღვევების შესახებ, რომლებიც უხეშად არღვევდა არჩევნების ფუნდამენტურ პრინციპებს - ფარულობას და ნების თავისუფალ გამოხატვას.

სადამკვირვებლო მისიამ წარმოადგინა ოლქების ჩამონათავლი, სადაც „ჩემი ხმა“ არჩევნების შედეგების გაბათილებას ითხოვს:

1. ბათუმში – 33 უბანი; 2. მარნეული – 32 უბანი; 3. გარდაბანი – 27 უბანი; 4. ქუთაისი – 17 უბანი; 5. გორი – 15 უბანი; 6. თელავი – 15 უბანი; 7. ბოლნისი – 11 უბანი; 8. ქობულეთი – 8 უბანი; 9. ლაგოდეხი – 8 უბანი; 10. გურჯაანი – 8 უბანი; 11. კასპი – 8 უბანი; 12. ახალციხე – 7 უბანი; 13. დედოფლისწყარო – 6 უბანი; 14. მცხეთა – 7 უბანი; 15. ქარელი – 7 უბანი; 16. საგარეჯო – 6 უბანი. 17. სიღნაღი – 5 უბანი; 18. ზუგდიდი – 4 უბანი; 19. ხაშური – 4 უბანი; 20. სენაკი – 3 უბანი; 21. ხობი – 1 უბანი; 22. ყვარელი – 2 უბანი; 23. ახმეტა – 2 უბანი; 24. ბორჯომი – 2 უბანი; 25. წალკა – 2 უბანი; 26. ადიგენი – 2 უბანი; 27. დუშეთი – 2 უბანი; 28. ახალქალაქი – 1 უბანი; 29. დმანისი – 1 უბანი;

„როგორც არაერთგზის აღვნიშნეთ, არჩევნების დღეს ჩვენი დამკვირვებლების მიერ გამოვლენილ იქნა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის, სხვის ნაცვლად ხმის მიცემის/განმეორებით ხმის მიცემის, მარკირების შეუმოწმებლობისა და მარკირების გარეშე ხმის მიცემის, უბანზე ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმის, დაკვირვების განხორციელებაში (განსაკუთრებით ვერიფიკაციის პროცესის დაკვირვებაზე) ხელის შეშლისა და შეუძლებლობის, უბანზე არაუფლებამოსილი აგრესიული პირების ყოფნისა და კომისიის წევრების მხრიდან აგიტაციის ასობით ფაქტი. სადამკვირვებლო კოალიციის, „ჩემი ხმის“ დამკვირვებლები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს მუდმივ რეჟიმში აკვირდებოდნენ ხმის მიცემის პროცესს მთელი ქვეყნის მასშტაბით გახსნილ 1131 საარჩევნო უბანზე“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში