უსკომ უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები შეაჯამა

18 ნოემბერი 2024, 13:13 353 ნახვა

აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში სხდომა გაიმართა. სხდომაზე უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები შეაჯამეს. 

სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. უსკოს ოპოზიციური წევრები სხვადასხვა პარტიიდან ითხოვდნენ შემაჯამებელ ოქმზე ხელმოწერის პროცედურის გადადებას და დღის წესრიგიდან ამოღებას.

მათივე განცხადებით, არჩევნებზე ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა. ისინი ითხოვდნენ გახსნილიყო ვერიფიკაციის აპარატები და გადამოწმებულიყო მონაცემები.

ოპოზიციონერი წევრების საპასუხოდ უსკოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საჩივრებში ასახული მათი შენიშვნების განხილვა სასამართლოზე უკვე მოხდა და შესაბამისად, მათ პრეტენზიებსაც პასუხი გაეცა. 

უსკოს თავმჯდომარემ საკითხი დღის წესრიგში დატოვა, თავმჯდომარემ და მდივანმა მას ხელიც მოაწერა.

შემაჯამებელი ოქმის თანახმად, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ შეადგინა 317 119, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 201 572 ამომრჩეველმა.

საარჩვენო კანონმდებლობით დადგენილი 5%-იანი ბარიერი გადალახა 5-მა საარჩევნო სუბიექტმა. ესენია:

"კოალიცია ცვლილებებისათვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა" - 1 მანდატი

 

"ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა"- 4 მანდატი

 

"ძლიერი საქართველო - ლელო ხალხისთვის, თავისუფლებისთვის"- 1 მანდატი

 

"გახარია საქართველოსთვის"- 2 მანდატი

 

"ქართული ოცნება"-13 მანდატი

საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს 26-ე დღისა, უსკო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული ოქმებისა და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებების საფუძველზე თავის სხდომაზე აჯამებს უმაღლესი საბჭოს საბოლოო შედეგებს და ადგენს შემაჯამებელ ოქმს.

 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში