გაფერადება, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ჩანს ბიულეტენის მეორე მხარეს, არცერთ შემთხვევაში ნათლად არ ავლენს ამომრჩევლის არჩევანს და ინარჩუნებს ხმის საიდუმლოებას - ცესკო

30 ოქტომბერი 2024, 16:49 305 ნახვა
 

გაფერადება, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით ჩანს ბიულეტენის მეორე (უკანა) მხარეს, ზოგადად სუსტი და გაურკვეველია, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ოდნავ აღბეჭდილი იყოს, ის არცერთ შემთხვევაში ნათლად არ ავლენს ამომრჩევლის მიერ გაკეთებულ ზუსტ არჩევანს, რაც ინარჩუნებს ხმის საიდუმლოებას, - ამის შესახებ ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

როგორც ცესკო-ში აცხადებენ, ამომრჩევლის არჩევანის ფარულობა, მაშინაც კი არის უზრუნველყოფილი, თუ ბიულეტენი ძლიერად არის გაფერადებული ან მუქად, რაც შესაძლოა ჩანდეს მეორე მხარეს, მაგრამ არცერთ შემთხვევაში დგინდებოდეს არჩევანი.

„ჩვენ ვერ შევყვებით დაინტერესებული ჩართული მხარეების შეთქმულების თეორიებს ზოგიერთ შემთხვევაში ბიულეტენების მონიშვნის შემდგომ, მის მეორე მხარეს მონიშვნის ხილვადობის გამო, რაიმე ტიპის მანიპულაციის შესაძლებლობასთან დაკავშირებით. ბიულეტენთან დაკავშირებით არჩევნების დღეს ასევე ვრცელდებოდა ფოტოები, რომელიც აჩვენებდა, რომ თითქოს ბიულეტენებზე წინასწარ იყო მონიშნული კონკრეტული სუბიექტი წერტილით. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ გადათვლების პროცესში არ აღმოჩენილა არც ერთი ბიულეტენი მსგავსი მონიშვნით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არ დაწერილა საჩივარი. რჩება შთაბეჭდილება, რომ ერთადერთი ამოცანა საზოგადოების აღქმებზე საინფორმაციო შეტევაა, რათა ამ ინფორმაციულ ნაკადში, საზოგადოებამ ვეღარ შეძლოს სიმართლის და ტყუილის გარჩევა და ბრმად დაიჯეროს მიწოდებული ინფორმაცია, როგორც ეს მოსახლეობის აღწერის მონაცემებისა და ამომრჩეველთა რაოდენობის მონაცემების „შედარების“ შემთხვევაში მოხდა. რისი აღიარებაც, შემდგომ, თავად ამ მონაცემების გამავრცელებლებსაც კი მოუხდათ“, - აცხადებენ ცესკო-ში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში