მეტი ქალი პოლიტიკაში - ამ ლოზუნგით უკვე წლებია, საქართველოში არაერთი კამპანია იმართება. საბოლოოდ კი საკითხი, საკანონმდებლო დონეზე დადგა დღის წესრიგში. კანონპროექტი, რომელიც საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებდა, 37 ათას 455 ამომრჩევლის ხელმოწერით პარლამენტში საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა, თუმცა ჩავარდა. კანონპროექტი, რომელსაც 75 ხმა სჭირდებოდა, მხარი მხოლოდ 66-მა დეპუტატმა დაუჭირა, 14 კი წინააღმდეგ წავიდა. მოკლე განმარტება, თუ რას ითვალისწინებდა წარმოდგენილი კანონპროექტი - საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, პარტიები და ბლოკები ვალდებული იქნებოდნენ, რომ პარტიულ სიებში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარედგინათ.
პროექტის თანახმად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ცენტრალური საარჩევნო კომისია პარტიას დაუბრუნებდა სიას გამოსასწორებლად, იმ შემთხვევაში კი, თუ ხარვეზი აღმოფხვრილი არ იქნებოდა, პარტია რეგისტრაციას ვერ გაივლიდა. გარდა ამისა, როგორც პარლამენტის, ასევე საკრებულოს წევრის მიერ მანდატზე უარის თქმის შემთხვევაში, მის ადგილს იმავე სიაში რიგით მომდევნო იმავე სქესის კანდიდატი დაიკავებდა.