ატყუებენ თუ არა ბათუმელებს, როდესაც მერიის სახელით სადარბაზოების დეზინფექციაში ფულს ახდევინებენ

16 ოქტომბერი 2019, 15:00 5871 ნახვა

 ბათუმში, საცხოვრებელ სახლებში, უკვე წლებია დადიან პირები და სადარბაზოების დეზინფექციისთვის ფულს სთხოვენ მოქალაქეებს. ისინი კორპუსის მცხოვრებლებს ეუბნებიან, რომ ბათუმის მერიიდან არიან და 5 ლარს ახდევინებენ სადარბაზოებში მღრღნელების, მწერებისა და თაგვების საწინააღმდეგო საშუალებებით დამუშავებისთვის. 

ასეთი ფაქტი გასულ წლებშიც დაფიქსირდა, როგორც გაირკვა, ეს პირები კერძო კომპანიის წარმომადგენლები არიან. მათი საქმიანობა, კანონსაწინააღმდეგო არ არის, თუ  მოქალაქეებს შეცდომაში არ შეიყვანენ და მერიის სახელით არ მოსთხოვენ ფულს. 

დღეს, სოციალურ ქსელში პაატა ძიძიგურმა დაწერა, რომ მას 5 ლარი გადაახდევინეს დეზინფექციაში და სანაცვლოდ, 16 ციფრიანი ნურმირაციის ჩეკი მისცეს. 

როგორც თავად ამბობს,  მასაც უთხრეს რომ ბათუმის მერიიდან იყვნენ და დეზინფექციისთვის წლიურად 5 ლარი გროვდებოდა. 

 

მისი თქმით, ამ ადამიანებს სპეციალური სამკერდე ნიშანიც და მეტი დამაჯერებლობისთვის  აპარატიც ჰქონდათ თან.  საბოლოო ჯამში, ამ პირებმა ეზო შეწამლეს კიდეც. 

"ბათუმის სანდასუფთავების" დეზინფექციის განყოფილების უფროსის, ზურა ლორთქიფანიძის განმარტებით, ქალაქში სადეზინფექციო სამუშაოები ყოველთვიურად ტარდება და ხარჯს ბათუმის მერია ფარავს, ის მოქალაქეებისთვის უფასოა.   "ჩვენ მერია გვაძლევს მონაცემებს და თითქმის ყველა სახლში, რომელიც ჩაბარებულია,  შევდივართ და ვწამლავთ. კორპუსებში თვეში ორჯერ, ხოლო იტალიურ ეზოებში თვეში ერთხელ.    თუ, დამატებით უნდა კომერციულ ობიექტებს ან მოქალაქეებს სხვენის შეწამვლა, ეს ფასიანია და მათთან ხელშეკრულება ფორმდება" -  ამბობს ზურა ლორთქიფანიძე.   

უწყებაში გვითხრეს, რომ მერიის სახელით მოქალაქეებისგან ფულის ამოღება უკანონოა, თუმცა თუ კომპანიები შესთავაზებენ საკუთარ მომსახურებას და არ შეიყვანენ ბათუმელებს შეცდომაში, მაშინ მათი საქმიანობა კანონიერია.  მოქალაქეებმა თავად უნდა გადაწყვიტონ,  დეზინფექციაში უნდათ თუ არა დამატებით ფულის გადახდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში