ხულოს მერია საახალწლოდ 50 ათას ლარს ძირითადად საჩუქრებში დახარჯავს - ნახეთ რა შედის სასაჩუქრე პაკეტებში

13 დეკემბერი 2019, 16:14 2118 ნახვა

 

ახალი წლის ღონისძიებებისთვის ხულოს მერია 50 ათას ლარს დახარჯავს.  თვითმმართველობა წინასაახალწლოდ  მრავალშვილიან დედებს, 90 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს, შშმ პირებს ერთჯერად  მატერიალურ დახმარებას გაუწევს. 

სასაჩუქრე ამანათები საბავშვო ბაღების 785 აღსაზრდელზე, 190 მრავალშვილიან დედასა და 18 წლამდე  შშმ ბავშვზეა გათვალსიწინებული.

საბავშვო ბაღების აღსაზრდელებზე  გადასაცემი სასაჩუქრე ამანათების შემადგენლობაშია: ორცხობილა კაკაოთი და ვანილით, მზესუმზირა მარილით, კარტოფილის ჩიფსი, ვანილის ბატონჩიკი,  სიმინდის ბურბუშელა, ჟოლოს ბისკვიტი, ნატურალური წვენი, რძიანი შოკოლადი რძის შიგთავსით. 

მრავალშვილიან დედებსა და 18 წლამდე  შშმ  ბავშვებს კი მერია: შაქარს, ზეთს, კარაქს,კაკაოს, შესქელებულ რძეს, შოკოლადს, პურის ფქვილს, შავ ზეთის ხილს, ხორცის კონსერვს, ატმის ნატურალურ წვენს გადასცემს.

რაც შეეხება კულტურულ ღონისძიებებს, დაგეგმილია ადგილობრივი და მუსიკალური და ქორეოგრაფიული ჯგუფების კონცერტი. ნაძვის ხე ტრადიციულად თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიდგმება. 

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში