ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, „ქართულ ოცნებას“ ხმას მისცემდა 20%, „ნაციონალურ მოძრაობას“ - 5% - NDI-ის კვლევა

03 მაისი 2023, 12:53 598 ნახვა

NDI-ის გამოკითხვის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართულ ოცნებას“ ხმას მისცემდა 20%, „ნაციონალურ მოძრაობას“ 5%, არც ერთ პარტიას 34%, არ ვიცი 26%, სხვა პარტიებს ჯამში 6%.

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმეტესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელსაც ხმას მისცემდნენ.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება.

კვლევის თანახმად, გასულ წელთან შედარებით, მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ საქართველო დემოკრატიულია.

კითხვაზე, თქვენი აზრით, საქართველოში ამჟამად არის დემოკრატია, 39-მა პროცენტმა დადებითი პასუხი გასცა, 42-მა უარყოფითი, ხოლო 17-მა არ იცის.

ფასების ზრდა, სამუშაო ადგილები და სიღარიბე კვლავ ყველაზე დიდი გამოწვევებია, – ამის შესახებ, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალ კვლევაშია ნათქვამი.

NDI-ის კვლევის მიხედვით, მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს გამოკითხულთა 43%. კითხვაზე, – როგორ შეაფასებდით არსებული მთავრობის საქმიანობას? – კვლევის პასუხები შემდეგია: კარგად – 43%; ცუდად – 43%;

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 17% პრეზიდენტის საქმიანობას კარგად აფასებს.

კითხვაზე, – როგორ შეაფასებდით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას? – გამოკითხულთა პასუხები შემდეგია: 17% – კარგად, 41% – საშუალოდ, 28% – ცუდად.

კვლევის მიხედვით, პრეზიდენტის საქმიანობის შეფასების დადებითი მაჩვენებელი ყველაზე მაღალი ახალგაზრდებსა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორისაა.

ამასთან, როგორც კვლევაშია ნათქვამი, ყოველი მეორე მოქალაქე საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას „ცუდად“ აფასებს.

კერძოდ, საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობას კარგად აფესებს ცხრა პროცენტი, საშუალოდ – 42 პროცენტი, ცუდად – 48 პროცენტი.

კვლევის ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ თბილისელები და ოპოზიციის მხარდამჭერები ეკონომიკის მდგომარეობას სხვებზე უფრო კრიტიკულად აფასებენ.

კვლევა 17-23 მარტის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევის ავტორების ინფორმაციით, მარტში ჩატარებული გამოკითხვა 1032 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2 პროცენტია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში