COVID-19 ვაქცინა პირველად 90 წლის ქალმა გაიკეთა 

08 დეკემბერი 2020, 13:32 1197 ნახვა

გაერთიანებულმა სამეფომ, COVID-19-ის წინააღმდეგ  მოსახლეობის მასშტაბური ვაქცინაცია დაიწყო.

BBC-ის ინფორმაციით, პირველი მოქალაქე, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში Pfizer/BioNTech-ს მიერ შექმნილი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრეს, 90 წლის მარგარეტ ქენანია, ის ერთ კვირაში 91 წლის გახდება და ამბობს, რომ ეს მისი დაბადების დღის საუკეთესო საჩუქარია.

„ძალიან პრივილეგირებულად ვგრძნობ თავს, რადგან პირველი ადამიანი ვარ, ვინც covid-19 წინააღმდეგ შექმნილ ვაქცინას ვიკეთებ. ეს ყველაზე კარგი ნაადრევად მიღებული დაბადების დღის საჩუქარია, რაც კი შეიძლებოდა მესურვა, რადგან თითქმის ერთწლიანი მარტოობის შემდეგ, ახალ წელს ოჯახის წევრების და მეგობრების ნახვას შევძლებ. ჩემი რჩევაა, გაიკეთეთ ვაქცინა, თუ მე 90 წლის ასაკში ვიკეთებ, თქვენც შეგიძლიათ“, - თქვა მარგარეტ ქენანმა.

დიდმა ბრიტანეთმა ვაქცინის 40 მილიონი დოზა შეიძინა, რაც 20 მილიონი მოქალაქის ასაცრელად არის საჭირო. პირველ ეტაპზე აიცრებიან რისკ-ჯგუფში შემავალი ადამიანები, 80 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეები, ხანდაზმულთა სახლების მცხოვრებნი და სამედიცინო და სოციალური სფეროების წარმომადგენლები. 

ბრიტანეთში, პირველი პარტია, 800 ათასი ვაქცინა, ბელგიიდან ჩაიტანეს. ვაქცინაციის 50 ცენტრი შეიქმნა, რომელიც სხვადასხვა ჰოსპიტალში იქნება განთავსებული. აცრა 21 დღიანი შუალედით მოქალაქეებს ორჯერ გაუკეთდებათ. 

მარეგულირებელმა ორგანომ ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ისა და მისი გერმანული პარტნიორი BioNTech-ის ვაქცინა 2 დეკემბერს დაამტკიცა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში